მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ "ანაკლიის პორტის" მშენებლობაში ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ჩაერთვება

"თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე იმედოვნებს, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"გაიმარჯვებს.

როგორც მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე უკვე შეხვდა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თავისუფალი სავაჭრო და ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელობასაც და ისინიც დაინტერესდნენ ამ პროექტით.

"საუბარია ანაკლიის პორტის მიმდებარედ ინდუსტრიული ზონის გაკეთებაზე და არა მარტო ჩინური, არამედ სხვა ქვეყნის კომპანიების ჩამოყვანაზე, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. შევთანხმდით ჩვენს პარტნიორებთან, რომ ორივე ეს პროექტი უნდა დაიწყოს ერთდროულად, რადგან არც ერთი პორტი არ მუშაობს, თუ მას ადგილობრივი წარმოებისა და მრეწველობის მხარდაჭერა არა აქვს. ერთია, იყო ტრანზიტული ქვეყანა და მეორე, იყო მწარმოებელი ქვეყანა. ამიტომ, ჩვენი მიდგომაა, ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა ტრანზიტის საკმაოდ დიდი ფუნქციით. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მთლიანად დამოკიდებული რომელიმე ერთ ქვეყანაზე და ამიტომაც ამერიკის წამყვანი ფინანსური სააგენტოსა და ბანკებისგან, როგორებიც არიან OPIC, US Exim Bank-ი და ევროპული ფინანსური ინსტიტუტებისგან, მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენი საინვესტიციო ბანკირები არიან "გოლდმან საქსი" და "ბერკლი", რომლებიც ფინანსურ ნაწილს უზრუნველყოფენ. ჩინეთის მხარე ამ დიდი კონსორციუმის ერთ-ერთი კომპონენტი იქნება. თუ ეს პროექტი განხორციელდება, ის დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, აღარაფერს ვამბობ რეგიონის განვითარებასა და იქ მცხოვრებ მოქალაქეთა დასაქმებაზე. პირველი პროექტი, რომელსაც განახორციელებს კონსორციუმი, იქნება დიდი საკვალიფიკაციო ცენტრის აშენება, სადაც გადაამზადებენ მოქალაქეებს მთელი რეგიონიდან, რათა მოვამზადოთ კვალიფიციური კადრები სამუშაო ადგილებისთვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტი საკმაოდ დიდი პროექტია, რომლის განხორციელებისთვის საკმარისი თანხა არავის აქვს.  "თანხების მოზიდვა ხდება კონსორციუმის საშუალებით, როგორც კაპიტალში, ისე საკრედიტო რესურსების სახით. ორი წელია ვმუშაობთ ამ პროექტზე და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია გავიღეთ მოსამზადებელი პერიოდისთვის. ალბათ, კიდევ რამდენიმე მილიონი დაიხარჯება, სანამ პროექტისთვის საჭირო მთლიანი თანხა შეიკვრება", - აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე თქმით, პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება დაახლოებით 800 მილიონი დოლარია, რაც თავისუფალი სავაჭრო სივრცისა და ინდუსტრიული პარკის მშენებლობას გულისხმობს.  "მთლიანობაში კი ამ პროექტის ღირებულება 2-2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს. საუბარია ათწლიან პერიოდზე. თუ გარემოებებმა ხელი შეგვიწყო და ამ სქემამ იმუშავა, თუ საქართველოში წარმოებული პროდუქცია წარმატებით შევა ევროპის ბაზარზე, მაშინ შესაძლოა, პროექტის მოცულობა და საინვესტიციო თანხებიც გაიზარდოს. ბევრი მონაწილე, ბევრი აქციონერი იქნება ამ პროექტში და არ გამოვრიცხავთ მომავალში ამ პროექტის საფონდო ბირჟაზე გატანას. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი რეგიონში, სადაც მოხდება ფინანსური, საწარმოო და ლოგისტიკური სიმძლავრეების გაერთიანება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის კონკურში საბოლოოდ ორი კომპანია დარჩა - ქართულ-ჩინური Anaklia­ Port and Industrial Eco Park და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც აერთიანებს ”თიბისი ჰოლდინგსა” და ”კონტი ჯგუფს”. ხაზარაძე ამბობს, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.  "ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ერთ მნიშვნელოვან რამეშია, ეს არის ინვესტორთა დივერსიფიკაცია. პროექტში მონაწილეობს არა მხოლოდ ქართული ან ჩინური, არამედ ინტერნაციონალური კომპანიების ერთობლიობა, მათ შორის ამერიკიდან და ევროპიდან. ეს იქნება დიდი ინდუსტრიული ზონა, თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ასევე მნიშვნელოვანია, იმ მაღალი რეპუტაციის მქონე ბანკების წერილობითი დადასტურება ჩვენს კონსორციუმში თანამშრომლობის შესახებ, რომელზეც უკვე გესაუბრეთ. ჩვენ გამარჯვების დიდი შანსი გვაქვს და ამის შემდეგ ჩვენს გეგმებს უფრო დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო

bpn