"კასპიან აგროზე" ქვეყნის საუკეთესო წარმოჩენისთვის საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა

ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის კვების მრეწველობის 21-ე საერთაშორისო გამოფენა და სოფლის მეურნეობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა "კასპიან აგრო" გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე უცხოურმა და ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო და 7 000-მდე სტუმარმა დაათვალიერა. გამოფენას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ესტუმრა. პრეზიდენტმა საქართველოს სტენდი დაათვალიერა, ქართველ მეწარმეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია გამოფენაზე საქართველოს ასეთი მრავალფეროვანი პროდუქციით პირველად წარმოდგენა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის, ლიტვის და ბელორუსის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან გამართა. შეხვედრებზე მხარეებმა აგრარულ დარგში სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

უწყების ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 8 ქართულმა კომპანიამ: სს "წყალი მარგებელი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს აქვა გეო", მილდიანი, სს "ბაგრატიონი 1882", შპს "ბარამბო", შპს "ლივო" და შპს "ევრონატი". ქართულ სტენდზე სხვა პროდუქციასთან ერთად წარმოდგენილი იყო ღვინო, ცქრიალა ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, ნატურალური წვენები, საკონსერვო და რძის ნაწარმი.