რა პრობლემების წინაშე დგას კოოპერატივები საქართველოში?

"კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იმ საძოვრებს არ გაასხვისებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს"

საქართველოში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD 52 მილიონი ევროს ბიუჯეტის მქონე, 5-წლიანი პროგრამაა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად.

რა მდგომარეობაა საქართველოში კოოპერატივების მიმართულებით, რამდენად კმაყოფილები არიან მსგავსი გაერთიანებით და რა პრობლემები აწუხებთ - ამ საკითხებით bpn.ge დაინტერესდა და სამცხე-ჯავახეთში რამდენიმე კოოპერატივის წარმომადგენელს შეხვდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 870 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია შექმნილი. სამცხე-ჯავახეთი ამ მხრივ ლიდერია. ამ რეგიონში 150 კოოპერატივი ფუნქციონირებს, უშუალოდ ახალქალაქში კი მათი რაოდენობა 32-ია.

კოოპერატივი "დაბა წაღვერის კენკრა" უკვე მეორე წელია არსებობს. კოოპერატივში 11 ადამიანია დასაქმებული. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება მარწყვისა და ჟოლოს მოყვანაა. ასევე აქვთ მწვანილი, კიტრისა და პომიდვრის სათბურები. ყიდიან ნერგებსაც. შარშან აღნიშნულმა კოოპერატივმა 20 000 ლარის ნერგი გაყიდა. ასევე სარეალიზაციოდ გააქვთ კენკრისგან დამზადებული მზა პროდუქცია, მათ შორის, მარწყვის, ჟოლოს და გირჩის მურაბები.

როგორც "დაბა წაღვერის კენკრის" წარმომადგენელმა ირმა მაღრაძემ bpn.ge-ს განუცხადა, მათი გასაღების ბაზარი ადგილობრივია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებან, მათი გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთაც იგეგმება. კოოპერატივის მფლობელი აგროდაზღვევის კმაყოფილია, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემად სეტყვას ასახელებს.

"ძალიან კარგია აგროდაზღვევები, რომლებიც სახელმწიფომ გააკეთა, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს თუ შეგვიძენენ ან დაგვეხმარებიან და ნახევარ ფასში მოგვცემენ, რადგან პირველი მტერი, რაც კენკრას გვინადგურებს, სეტყვაა", - აცხადებს მაღრაძე.

კოოპერატივი "ორცეფი" სულ რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს. როგორც მისი წარმომადგენელი ნუგზარ ნეფარიძე აცხადებს, კოოპერატივი ძირითადად, საქონლისა და ცხვრის ყველს აწარმოებს, ასევე ახდენს მსხვილფეხა საქონლის რელიზაციასაც. "რეალიზატორები არ გვყავს, ძირითადად, ჩვენი ძალებით ვყიდით როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე თბილისში. ბოლო პერიოდში ფასი ძალიან დაეცა, რაც პრობლემებს გვიქმნის. კარგი იქნება თუ სახელმწიფო პროდუქციის რეალიზაციაში დაგვეხმარება", - აცხადებს ნეფარიძე და დასძენს, რომ კარგი იქნება თუ სახელმწიფო იმ საძოვრებს არ გაასხვისებს, რომლებსაც ადგილობრივი მოსახელობა იყენებს. კოოპერატივი "ხულგუმო 2010"-ის და კოოპერატივი "კიმის" წარმომადგენლები, რომლებსაც კარტოფილი მოჰყავთ, ძირითად პრობლემად bpn.ge-სთან საუბრისას სარწყავ სისტემას ასახელებენ.

კოოპერატივებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებაზე bpn.ge -ს "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ესაუბრა. მისი თქმით, აღსანიშნავია კოოპერატივების მიერ ერთობლივად განხორციელებული პირველი პროექტი, რასაც კარტოფილის შემოტანა და შეძენა ჰქვია.  "ეს მოხდა გაერთიანებული ძალებით და მასში ჩაბმული იყვნენ კოოპერატივები სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან. პროგრამის ფარგლებში კოოპერატივების მიერ საქართველოში 150 ტონა კარტოფილის თესლი შემოვიდა და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში 100 000 ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს ფერმერებმა და გლეხებმა, რომლებიც კოოპერატივებში იყვნენ გაერთიანებული მარტო იმიტომ, რომ მათ შეძლეს ერთობლივი ძალებით პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება საზღვარგარეთ კარტოფილის მწარმოებლებთან, მათ შორის არ იყო შუამავალი, რომელსაც შეეძლო გარკვეული მოგება მიეღო, სწორედ ეს მოგება დარჩა ჩვენს კოოპერატივებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ინვესტირება მოხდინონ თავიანთ წარმოებაში და უფრო გაზარდონ მათი საქმიანობა", - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

რაც შეეხება კოოპერატივების წარმომადგენლების მიერ დასახელებულ პრობლემებს, გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, სამელიორაციო სამუშაოები მთელ საქართველოში მიმდინარეობს, როგორც ირიგიაციის, ასევე დრენაჟის მიმართულებით. "აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სახელმწიფომ უკვე დაიწყო კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობების დანერგვა, რის შემდეგად სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობები იმ რეგიონებშიც დაინეგრება, სადაც სეტყვის საშიშროება არსებობს, რაც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. ასე რომ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი ნაბიჯები გადაიდგას, უფრო მეტად გავაქტიურდეთ, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მოსახლეობას და შევუქმნათ პირობები იმისთვის, რომ თავად განვითარდნენ და პროდუქცია აწარმოონ", - აღნიშნა გიორგი მიშელაძემ.

ნათია რუხაძე