სასათბურე მეურნეობებში 30-მდე სოფლის მეურნეობის პროექტის განხორციელება იგეგმება

რა მოტივაციას გვთავაზობს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო?

ამ საკითხთან დაკავშრებით გადაცემა ,,კვირის 20:30"-ში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ექსპერტმა გიორგი ეზუგბაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, რეალურად რეგიონის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროების მხრიდან, ასევე სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით.

"გამოვყოფ სოფლის მეურნეობის პროგრამას, შეღავათიანი აგროდაზღვევის მიმართულებას და ,,აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს. მარტო შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით 27 ათასი ლარის სესხი გაიცა, რამაც საერთო ჯამში გაცემული კრედიტების რაოდენობით 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. 46 მილიონი ლარის ბიუჯეტით განისაზღვრა პროექტი ,,აწარმოე საქართველოში", აქიდან 16 მილიონი ლარი - წარმოების კუთხით, ხოლო 30 მილიონი სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოიყო. ამ კუთხით სახელმწიფო უზრუნველყოფს მის მფლობელობაში არსებული ქონების მეწარმეთათვის გადაცემას უსასყიდლოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულების საფუძველზე. საქართველოს მასშტაბით მეწარმეებს 38 ასეთი ქონება გადაეცა, ცოტა ხანში ეს უვარგისი ქონება კი თანამედროვე საწარმოებად ჩამოყალიბდება. მაგალითად, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო პროექტი 20 მილიონი ლარით განისაზღვრა და უკვე 83 აპარატი მონტაჟდება, რომელიც მოსავლის დაზიანების რისკს 93%-მდე ამცირებს. რაც შეეხება მელიორაციის საკითხს, რომელიც საერთოდ მივიწყებული ჰქონდა წინა ხელისუფლებას, მინდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახან საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ქართულ მხარეს გადმოეცა 11 მილიონი დოლარის ღირებულების, თანამედროვე, სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა, რომელსაც რეგიონებში სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გამოიყენებენ, რათა კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართოს სამუშაოები. ასევე იგეგმება 30-მდე სოფლის მეურნეობის პროექტის განხორციელება სასათბურე მეურნეობებში, ოქტომბერში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვა და ა.შ", - აღნიშნა გიორგი ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო იღებს დამატებით ვალდებულებას ეტაპობრივად დანერგოს ევროპული ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები.

"რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებას, ეს არის ინტეგრაცია დიდ ევროპულ ოჯახში, დიდი ევროპული ბაზრის ათვისება, რეალური პერსპექტივა ჩვენი მეწარმეებისთვის, ბიზნესისთვის, რომ შევძლოთ ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე გასვლა", - აღნიშნა გიორგი ეზუგბაიამ.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა გადაცემა "კვირის 20:30"-ში განაცხადა, არსებობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომელიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის კონსულტაციის გაწევას და საინფორმაციო მომსახურებას ითვლისწინებს.

"მაგალითად კოოპერატივები, რომელთა რაოდენობა დღეს საქართველოში 500-მდეა და ზუსტად ეს არის საბაზისო, რითაც ევროკავშირმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ეს გზა და შესაძლებლობა ნახა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი 5 წლის ვადით გაიწერა, მისი საერთო ბიუჯეტი კი 52 მილიონი ევროს ოდენობით განისაზღვრა. პროექტი გულისხმობს სტანდარტიზაციის გატარებას სოფლის მეურნეობის, დასაქმების და სამინისტროს შესაძლებლობების მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას", - აღნიშნა გიორგი ეზუგბაიამ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო ტრანსპორტი ემსახურებათ, აშენდა 9 სკოლა და კიდევ 8 ახალი სკოლის მშენებლობა იგეგმება. მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ, თბილისში საფუძველი ჩაეყარა საერთო საცხოვრებლების მშენებლობას, რომელიც სოციალურად დაუცველ და რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება. ასეთი სტუდენტური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაგეგმილია ქუთაისში, ზუგდიდსა და ახალქალაქში.

"საქართველოს მთავრობის ინიციატივით ბოლო ორი წლის განმავლობაში 150-მდე სტუდენტის სწავლა დაფინანსდა და ისინი სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოს საჯარო სტრუქტურებში ევროპული გამოცდილებითა და ევროპაში მიღებული ცოდნით ჩაერთვებიან. ჩემი პირადი მოსაზრებით, ახალმა თაობამ არჩევანი უნდა გააკეთოს სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და ენერგო პროფესიების დაუფლების მიმართულებით - ეს მომავლის პროფესიებია. დღეს ამ მიმართულებების სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რამდენიმე წელიწადში კი უფრო გაათმაგდება", - განაცხადა გიორგი ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 2014 წელს პირდაპირ უცხოური ინვესტიციის სახით, საქართველოში 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2008 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.