"ემ ენ ჯორჯიას" ხელმძღვანელის ინფორმაციით, მას ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა

კომპანია "ემ ენ ჯორჯიას" ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.

ვახტანგ გოძიაშვილი სასტუმრო "რედისონში" იმყოფება, სადაც გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.  როგორც ვახტანგ გოძიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე დასწრება და გიორგი გახარიასთვის შეკითხვების დასმა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გოძიაშვილის კომპანიას მონოპოლიის მოპოვება სურდა, გოძიაშვილმა ბიზნესომბუდსმენს ურჩია, რომ მონოპოლიასთან დაკავშირებით მიიღოს მეტი განათლება. "ჩვენ კონკრეტულ კომპანიასთან გვქონდა კონკრეტულ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება. აბსოლუტურად ყველა კომპანია ლეგალურად დასაქმდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სქემა დაიწყებდა მუშაობას, ამიტომ ბიზნესომბუდსმენის არგუმენტები სუსტია", - განაცხადა გოძიაშვილმა.

ამასთან, როგორც გოძიაშვილმა აღნიშნა, გაკვირვებულია, თუ რატომ არ აკეთებს ამ საკითხზე კომენტარს ბიზნესასოციაცია და ზოგადად ბიზნესი. "მინდოდა გახარიასთან შეხვედრა და რამდენიმე კითხვის დასმა, თუმცა ჩვენს წარმომადგენლებს ასოციაციამ შეხვედრაზე დასწრებაზე უარი უთხრა", - განაცხადა გოძიაშვილმა და დასძინა, რომ ის ბიზნესასოციაციის წევრი არ არის.

მისივე თქმით, უფლებადამცველი ორგანიზაციების გარდა, საქართველოში არსებობს ორი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესის განვითარებაზე უნდა წუხდეს, ერთ-ერთი არის ბიზნესომბუდსმენი, რომელიც "ბიზნესს ატერორებს და ეს არ აწუხებს ბიზნესასოციაციას, პირიქით მას შეხვედრებს უწყობს". ვახტანგ გოძიაშვილის თქმით, გიორგი გახარიამ პირდაპირ მიუთითა, რომ არ უნდა ემუშავა და იქ სხვა კომპანიები უნდა შეეშვა, რაც გოძიაშვილის თქმით, არის ბიზნესის ტერორი.

ვახტანგ გოძიაშვილი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და სარჩელს ამზადებს, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" გამოგვეხმაურა. საჯაროდ გაკეთებული განცხადება საფუძველია რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ასევე ჩვენს ადვოკატებთან ერთად ვამზადებთ სამოქალაქო სარჩელს და ვემზადებით დავისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ კომპანიას აშშ-ში ვედავოთ, ვისთანაც ამჟამად გვაქვს პრეტენზიები", - განაცხადა გოძიაშვილმა.

ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას ბიზნესის ტერორში ადანაშაულებს. რამდენიმე ხნის წინ გოძიაშვილმა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის გიორგი გახარიას ესაუბრებოდა.