გიორგი ჭირაქაძე: ბიზნესზე შეტევა ან არასწორი მოპყრობა ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს

კომერციულ სექტორზე, ბიზნესზე შეტევა ან არასწორი მოპყრობა, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანები, ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც 2013 წელთან შედარებით 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ის სტატისტიკის მონაცემებს ენდობა.

"თუ ეს ასეა, ძალიან კარგია. ძალიან რთულია შეფასება ამ მხრივ. ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ემოციურად. ჩვენი ახლობლები, მეგობრები როგორ პოულობენ სამსახურს. ზოგადად, უმუშევრობის თემა რთულია. ჩვენ ვიცით, რომ მიუხედავად შემცირებისა, ძალიან ბევრი უმუშევარია დღეს საქართველოში. დასაქმება ძალიან დიდი თემაა. ამიტომაც ვიმეორებ, რომ კომერციულ სექტორზე, ბიზნესზე, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანები, შეტევა ან არასწორი მოპყრობა, ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა ჭირაქაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ყველას სთხოვა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, რომ ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ ქვეყანაში დასაქმება გაიზარდოს. როგორც ჭირაქაძემ აღნიშნა, ბიზნესი ამისთვის მზად არის. "ბიზნესი ამისთვის მზად არის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოსავალი ვეძებოთ და ისეთი კანონები მივიღოთ და ისეთ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი, რომელიც ამას უზრუნველყოფს", - განაცხადა ჭირაქაძემ.

საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2013 წელთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა.