Made in Georgia-ს ნაწარმი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე

„საქართველოს რეალურად აქვს იმის შანსი, რომ ეს ნიშა დაიკავოს“

თურქეთი ტექსტილის ბიზნესის წარმოების მხრივ კავკასიაში ლიდერია. უკვე წლებია, რაც თურქული კომპანიები საქართველოში ინვესტიციების გაფართოვებას ცდილობენ. სხვადასხვა მიმართულებებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტილის ბიზნესია. ექსპერტთა თქმით, უცხოელ ინვესტორებს საქართველო ბიზნესის კეთების სიადვილით, კორუფციის დაბალი დონით, სტაბილური საბანკო სისტემით და ბევრ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ხიბლავს. თურქული კომპანიების ინვესტირებას ქართული სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელები მიესალმებიან. თუმცა, ამ სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერისა და გარკვეული ვადით ფინანსური შეღავათის დაწესებაზე საუბრობენ.

„საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. თურქეთი ამ ბიზნესის განვითარებისთვის უპროცენტო სესხსს გასცემს. მართალია, ჩვენ ამ ქვეყანას ვერ დავეწევით, მაგრამ ხომ შეიძლება ჩვენმა სახელმწიფომ გარკვეული შეღავათებით მხარი დაგვიჭიროს. რამდენიმე წლით საშემოსავლო გადასახადისგან გაგვათავისუფლოს, დაბალპროცენტიანი სესხები გასცეს. სხვანაირად გაგვიჭირდება,“ - ამბობენ მწარმოებლები.

საქართველოში ინვესტირებას კიდევ ერთი თურქული კომპანია Kaya Group-ი გეგმავს, რომელიც საქართველოში ტექსტილის ბიზნესის წარმოებასა და პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს გეგმავს. ”მართალია, საქართველოს ბაზარი პატარა არის, მაგრამ ამ შესაძლებლობების გამოყენებით, თურქ ინვესტორებს შეუძლიათ საქართველოში კომპანიები დააარსონ ან ადგილობრივებს შეკვეთა მისცენ და არა მარტო კავკასიის რეგიონს, არამედ ევროპის ქვეყნებს მოემსახურონ”, - ვარაუდობენ ექსპერტები.

რას ფიქრობენ ფაბრიკის ხელძღვანელები?- როგორც bpn.ge-სთან საუბრისას თბილისში არსებული სამკერვალოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩადუნელმა განაცხადა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გამართულ ბიზნესფორუმებზე საუბარი იყო, რომ თურქულ კომპანიებს ტექსტილის ბიზნესი საქართველოში ეწარმოებინათ.

„ჩვენი ქვეყანის ადგილმდებარეობა მათთვის მომგებიანია, ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს, ვიდრე ჩინეთი, ბანგლადეში და სხვა ქვეყნები, სადაც ცნობილი ბრენდების სამოსს კერავენ. ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ჩვენი ნაწარმი ევროპის ბაზარში გადის. თუმცა, მცირე რაოდენობით. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ბიზნესში ნიშა დაიკავოს, რისი რეალური შესაძლებლობაც გვაქვს, საჭიროა სახელმწიფოს მხარდაჭერა. მხოლოდ ჩვენით ვერაფერს გავხდებით. რამდენიმე წლით მაინც საშემოსავლო უნდა შეამცირონ. ამაზე ლაპარაკი მუდმივად არის. მთავარია ხელშეწყობა“, - აღნიშნა ზურაბ ჩადუნელმა.

სამკერვალო ფაბრიკა „ლაურა“ იტალიურ ბრენდ „მონ კლერისთვის“ ორ წელზე მეტია, ძვირად ღირებულ ქურთუკებს კერავს, რომელთა ფასი ათას ევრომდე აღწევს. უცხოურმა კომპანიამ ფაბრიკასთან ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც bpn.ge-სთან საუბარში ფაბრიკის მფლობელი ლაურა ღაჭავა ამბობს, ორი დღის წინ მორიგი ხელშეკრულება ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან გააფორმა. „ჩემი ფაბრიკის მაგალითზე გეტყვით, რომ ეს ნიშა დავიკავეთ. ჩვენი პროდუქციის ხარისხი ძალიან მოსწონთ. უკვე ყოველგვარი შემოწმების გარეშე, პირდაპირ რეალიზაციაში უშვებენ. აქამდე შეკვეთა შესამოწმებლად ჯერ ცენტრალურ საწყობში მიდიოდა და შემდეგ გასაყიდად აგზავნიდნენ. მთავარია შეკვეთილი რაოდენობა შევასრულოთ და ეს კომპანიები საქართველოდან არსად წავლენ. საქართველოში საბაჟო მომსახურება მაღალ დონეზეა, რაც მოსწონთ. თუ დღგ-ს გადასახადი არ იქნება, მაშინ სხვა ბრენდსაც მოიყვანენ. ადგილობრივი კადრები მყავს დასაქმებული, რომლებიც ხარისხიან საქონელს კერავენ, მათი ნამუშევარი ევროსტანდარტს პასუხობს. MADE IN GEORGIA-ს ეტიკეტით ჩვენი შეკერილი ძირითადად გერმანიაში გავა. 7 თვეა, რაც ამერიკის ბაზარზეც შევედით. „მონ კლერის“, „მაულის“ ბავშვთა სამოსის, „მალბოროს“ შეკვეთებს ვასრულებთ,“ - ამბობს ლაურა ღაჭავა.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ სახელმწიფო ამ ბიზნესის განვითარებაზე უფრო მეტად იზრუნებს და ფაბრიკებს დაბალ საპროცენტო განაკვეთს შესთავაზებს. “თურქეთში რომ მივდივარ და იქაურ ფაბრიკებს ვუყურებ, გული მწყდება. ძალიან მაღალ დონეზეა. თურქეთი ძლიერი ქვეყანაა, ამ ბიზნესის წამომწყებთ პირდაპირ აძლევენ უპროცენტო სესხს. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია, მაგრამ კარგი იქნებოდა დაბალპროცენტიანი სესხი მაინც იყოს. ძალიან კარგი პროექტია „აწარმოე საქართველოში“, სადაც საპროცენტო განაკვეთი 9%-შია. მინდოდა ამ პროექტით მესარგებლა, ბიზნეს გეგმა შევადგინე, მაგრამ ბანკებმა სესხის გაცემისგან თავი შეიკავეს. თქვენისთანა ფაბრიკა მეორე არ არის, რამე შეფერხება რომ მოგივიდეთ, ამდენი დანადგარი სად წავიღოთო? ძალიან დიდი სიფრთხილით გასცემენ სესხებს,“ - დასძენს ლაურა ღაჭავა.

წელს ტყიბულში ახალი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა, რომლის პროდუქცია მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული. როგორც სამკერვალოს დამფუძნებელი გივი დუჩიძე ამბობს, მაღალმთიანი რეგიონი გარკვეული გადასახადებისგან გათავისუფლდა და ფაბრიკის გახსნაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს. ამჟამად, სამკერვალო თურქული ბრენდის De FACTO-ს პროდუქციას კერავს. აქ იკერება ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორიცაა MONTCLAIR, ADIDAS, PUMA და ა.შ. დუჩიძის თქმით, მსგავსი ფაბრიკები ძირითადად ჩინეთში, მაროკოში, ბანგლადეშსა და ვიეტნამშია განლაგებული, რაც სატრანსპორტო ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. „ამ მხრივ, საქართველოს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს. ჩვენთან უსაფრთხო, არაკორუფციული და დაცული გარემოა,“ - ამბობს დუჩიძე.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ტექსტილის წარმოება პრიორიტეტულია. თუმცა, ახლო მომავალში პროექტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა შეღავათების დაწესება არ იგეგმება.

სალომე გოგოხია