ლონდონი საქართველოს უძრავი ქონების ფორუმს უმასპინძლებს

ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, 29 მაისს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს უძრავი ქონების ფორუმი ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით,  უძრავი ქონების ფორუმი საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield | Veritas Brown-ის ორგანიზებით გაიმართება.

ბიზნეს ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ამ სექტორში დასაქმებული წამყვანი ქართული, ისე ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები და საქართველოთი დაინტერესებული მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია მ2-ის მიერ დაგეგმილია მიღების გამართვა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც დაესწრება.