”აკრძალვა, რომ არასრულწლოვანები ონლაინ კაზინოში არ დაიშვებიან, მხოლოდ ფორმალურია”

არაოფიციალური მონაცემებით, 12 წლიდან მოყოლებული ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ონლაინ თამაშებში.

გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება 21-ე საუკუნის ცნობილი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დოზით, ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება.

მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში, სათამაშო ბიზნესი ყოველთვის იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. bpn.ge აზარტული თამაშების ქართულ ისტორიაზე ადრეც წერდა, (იხილეთ: აზარტული თამაშების ქართული ისტორია) ამჯერად კი თქვენს ყურადღებას ონლაინ კაზინოებზე შევაჩერებთ.

რა აუცილებელი პროცედურები უნდა გაიაროს პირმა, რომ ონლაინ კაზინო დაარეგისტრიროს; რამდენად იოლია ამ ბიზნესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში; როგორ რეგულირდება სახელმწიფოს მიერ ეს ბიზნესი და რა თანხას იხდიან ონლაინ კაზინოს მფლობელები ბიუჯეტის სასარგებლოდ - ამ და სხვა კითხვებზე bpn.ge -ს საზოგადოების - "ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა" ხელმძღვანელმა და ეკონომიკის ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ უპასუხა.

როგორც კალანდაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ონლაინ კაზინოს დარეგისტრირება ჩვენს ქვეყანაში ძალიან მარტივია და ამ თვალსაზრისით შეზღუდვები, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ლევან კალანდაძე: საქართველოში რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა ონლაინ კაზინოს დარეგისტრირებასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, მისი შექმნა პრაქტიკულად ყველას შეუძლია. ამისთვის აუცილებელია გქონდეთ შესაბამისი პროგრამა და ვებ-გვერდი. ერთადერთი, რაც შეიძლება შეზღუდვად მივიჩნიოთ, არის საკითხი, რომელიც საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორებას უკავშირდება. ამაზე პასუხისმგებლობა კი ბანკებს ეკისრებათ, რომლებიც ვალდებული არიან აღნიშნული ბარათი მხოლოდ სრულწლოვან პიროვნებებზე გასცენ. რაც შეეხება თავად ონალინ კაზინოს მფლობელს, მისთვის რაიმე ტიპის შეზღუდვები არ არსებობს.

- როგორ რეგულირდება საქართველოში სახელმწიფოს მიერ ეს ბიზნესი და რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით სხვა ქვეყნებში?

- ჩვენთან არანაირი რეგულაცია არ არსებობს. თუ ჩვეულებრივი კაზინოს შემთხვევაში, ის ექვემდებარება ლიცენზირებას, რაც გარკვეული ნორმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, როგორც საწესდებო კაპიტალის, ისე სათამაშო სივრცის მოწყობის თვალსაზრისით, ასევე არასრულწლოვანების არდაშვების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ონლაინ კაზინოს შემთხვევაში მსგავსი მოთხოვნები პრაქტიკულად არ არსებობს. ჩვენ კი ვიძახით, რომ სრულწლოვანი ასაკია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა აიღოს საკრედიტო ბარათი და ჰქონდეს თამაშზე წვდომა, მაგრამ რეალურად ამ ე.წ დათქმის გვერდის ავლის ძალიან ბევრი მარტივი საშუალება არსებობს. ადამიანები იღებენ საკრედიტო ბარათს სხვა სახელით, თამაშობენ სხვა სახელით და შესაბამისად, აკრძალვა, რომ არასწრულწლოვანები ონლაინ კაზინოში არ "დაიშვებიან", მხოლოდ ფორმალურია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეგულირდება სხვა ქვეყნებში აღნიშნული ბიზნესი, სხვადასხვანაირი რეგულაციები არსებობს. არის ქვეყნები, სადაც რეგულაცია ითვალისწინებს ასაკობრივი ცენზის და ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას. თუმცა არსებობს სახელმწიფოები, სადაც არის ანალოგიური მოდელი როგორც ჩვენთან, ანუ პრაქტიკულად დერეგულირებულია ეს ბიზნესი. არის ასევე ქვეყნები, სადაც სრულად აკრძალულია ონლაინ კაზინოს საქმიანობა.

- რა თანხას იხდიან ონლაინ კაზინოს მფლობელები ბიუჯეტის სასარგებლოდ?

- აღნიშნული კაზინოების მიერ გადახდილი თანხა პრაქტიკულად მინიმალურია. ეს ბიზნესი საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით რამე მნიშვნელოვანი კლიმატის შემქმნელი ნამდვილად არ არის. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს აქვს სტრატეგიული ინტერესი ონლაინ კაზინოების განვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, ვაღიარებ რომ ეს არის ბიზნესის ერთ-ერთი სახეობა და აუცილებელი მექანიზმების შემუშავება, რათა ერთის მხრივ, ბიზნესი და მეორეს მხრივ საზოგადოება არ დაზარალდეს.

პრაქტიკაში არსებობს ტექნიკური საშუალებები, რითაც შესაძლებელია გაკონტროლდეს ონლაინ კაზინოების ბიზნესი. არის გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც ახდენს პირის იდენტიფიცირებას და ბლოკავს არასრულწლოვანი მოქალაქის დაშვებას ქსელში. ამ მექანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებლობა ონლაინ-კაზინოებს ეკისრებათ. აქედან გამომდინარე, ისინი მოტივირებულნი არიან, რომ არასრულწლოვანი ახალგაზრდა არ დაუშვან ვირტუალურ კაზინოში და მისი წვდომა ამ სერვისზე შეზღუდონ.

bpn- რა ასაკიდან იწყებენ ახალგაზრდები საქართველოში თამაშს?

- ჩვენთან ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუ რა ასაკიდან იწყებენ ახალგაზრდები თამაშს, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, 12 წლიდან მოყოლებული ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ონლაინ თამაშებში. მოთამაშე ახალგაზრდების ნაწილს კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გოგონები წარმოადგენენ.

- რამდენად მომგებიანია ონლაინ-კაზინოს გახსნა საქართველოში?

-ამ ბიზნესს საკმაოდ მაღალი რენტაბელობის მაჩვენებელი გააჩნია.

- გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენია მაქსიმალური თანხა, რომელიც მოთამაშეს საქართველოში, ვირტუალურ კაზინოში მოუგია ან წაუგია ერთ დღეში?

- ეს არის კომერციული საიდუმლო, რომელსაც კაზინოები არ ასაჯაროებენ შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. თუმცა რაიმე პრეცედენტი, რომ სასამართლოს მოთხოვნით დამდგარიყოს ამ თემის გასაჯაროების საკითხი, მე არ მსმენია.

მარი მელიქიშვილი