გლეხებს მარწყვის რეალიზაცია უჭირთ

კახეთში ხანგრძლივი წვიმების გამო მარწყვის მოსავალი უხარისხოა, თუმცა ამას სეზონის ჩავარდნა არ გამოუწვევია: სამომხმარებლო ბაზარზე მარწყვი საკმაოდაა.

მოვაჭრეების ინფორმაციით, თვის ბოლოს კახურ მარწყვს ქარელის ჩაანაცვლებს. ბაზარზე უკვე გამოჩნდა იმერული მარწყვიც. მთლიანობაში დეფიციტი არ იგრძნობა, სამომხმარებლო ბაზარი მარწყვის ნაკლებობას არ განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი იაფი არ ღირს, შარშანდელთან შედარებით მისი ფასი საკმაოდ დაბალია. ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი მარწყვის შეძენა  2,50-3 ლარადაა შესაძლებელი.

"შარშან მარწყვი 4 ლარიც ღირდა. წელს შედარებით იაფია, მყიდველი ნაკლებად არის. ხალხი მშიერია და მარწყვი ვის რად უნდა?! ხალხს პურის ფულიც კი არ აქვს, საჭმელს ურნაში ეძებენ. 1 ან 2 კილოგრამს ძლივს ყიდულობენ, უმეტესობა სიძვირის გამო მარწყვის ყიდვისგან თავს იკავებს," -აცხადებენ მოვაჭრეები.

სარეალიზაციო პროდუქტი წელს მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. გლეხების თქმით, უამინდობამ პროდუქტის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა, არადა წელს უხვ მოსავალს ელოდებოდნენ. კახეთში გლეხები ამბობენ, რომ მოუსავლიანობაზე დიდ გავლენას ტექნიკის უქონლობაც ახდენს. მარწყვი ჯერ კიდევ მამაპაპური მეთოდებით მოჰყავთ, რაც დარგის განვითარებას აფერხებს.

ადგილობრივი გლეხების ინფორმაციით, მათ მარწყვის ჩაბარების პრობლემაც აქვთ, ამიტომ მთლიანად სამომხმარებლო ბაზრის იმედად დარჩნენ. მარწყვის გასასაღებლად აქეთ-იქით უწევთ სირბილი, ეს პროცესი კი მათ ბიზნესს სერიოზულ პრობლემას უქმნის. მებაღეები წუხან, რომ ხელშეწყობა არ აქვთ, არც ამინდი სწყალობთ და გაწეული ხარჯის ამოღებასაც ვერ ახერხებენ.

თიკო გურაშვილი