საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა

ფერის მიმცემი, შაქრის შემცვლელები, სტაბილიზატორები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, ანტიდამჟანგველები, მოცულობის გამზრდელები - ეს ის საკვებდანამატთა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საკვები პროდუქტების წარმოებაში თითქმის ყოველთვის იყენებენ. მათი რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ზღვრულ ნორმას აჭარბებს. ასეთი პროდუქტის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოში კი ისინი უპრობლემოდ იყიდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების თქმით, საკვებდანამატთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სინთეზური, მცირე რაოდენობითაც კი ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი იწვევს კიბოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და ა.შ. იმისათვის, რომ ქართველმა მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი არ მიიღოს, აუცილებელია, მეწარმის კეთილსინდისიერება, რათა მათ წარმოებაში ნორმაზე მეტი საკვებდანამატი არ გამოიყენოს (ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმე ქართულ წარმოებას ეხება). მნიშვნელოვანია ასევე პროდუქციის ეტიკეტირება და რაც მთავარია, მოქალაქეებში სამომხმარებლო დონის ამაღლება, რათა მათ ისწავლონ თუ რა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა საშიში.

პროფესორი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, რამაზ გახოკიძე ამბობს, რომ საკვებდანამატები - ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნივთიერებებია, რომელთაც უმატებენ კვების პროდუქტებში ტექნოლოგიური მიზნებისთვის. მათ იყენებენ პროდუქტების შესანახად (კონსერვანტები), საჭირო კონსისტენციის მისაღებად (სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ემულგატორები), სასაქონლო სახის მისაცემად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ.

რამაზ გახოკიძის თქმით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებში, მათი ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, ხშირად უმატებენ ნიტრიტებს (E249 და E250) და ნიტრატებს (E251 და E252), რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), მათ შორის, ბოტულიზმის ცხოველმოქმედებას და ხორცს და ხორცის პროდუქტებს ანიჭებს ვარდისფერს. ეს კონსერვანტები ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის, მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას ბავშვებში, ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს (ჰიპოქსია), ორგანიზმში ვიტამინების შემცველობის შემცირებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტალური დასასრულით, ონკოლოგიურ დაავადებებს.

"ნატრიუმის ნიტრიტს შეიცავს დამარილებული ხორცი, სოსისები, ძეხვები, შაშხი, შებოლილი ხორცი და თევზი. მისი შემცველი პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია, ჩვენთან კი - არა. სასმელებს ხშირად უმატებენ ისეთ კონსერვანტებს როგორებიცაა სორბინის მჟავა და სორბატები (E200, E202-E203), ასევე ბენზოის მჟავას და ბენზოატებს (E201-213). სორბინისა და ბენზოის მჟავებს ბუნებრივი სახით შეიცავს ზოგიერთი კენკროვანი მცენარე. ყველა დიასახლისი სამზარეულოში იყენებს რამდენიმე ბუნებრივ კოსნერვანტს - მარილს, შაქარს, ლიმონმჟავას, ძმარს, სპირტს. მათი გავლენით საკვებში მიკრობები და სოკოები არ ვითარდება", - ამბობს გახოკიძე.

განსაკუთრებით საშიშია შაქრის შემცველები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებში, საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამებს უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მათ ყოფენ 2 კატეგორიად: სინთეზურ და ბუნებრივ შაქრის შემცველებად. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ შორის, გავრცელებულია საქარინი, ასპარტამი, ციკლამატი.

"საქარინი (უ954) არაკალორიული დამატკბობელია. იგი იწვევს ნაღველკენჭოვანი დაავადებების გამწვავებას, დიდ დოზებში შეუძლია სიმსივნეების წარმოქმნის პროვოცირება. საცდელ ცხოველებში იწვევს შარდის ბუშტის კიბოს. საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იან წლებში აიკრძალა მისი გამოყენება. ასპარტამი 200-ჯერ ტკბილია შაქარზე და მასზე ბევრად იაფია, მაშასადამე, ეკონომიურად ხელსაყრელია. ასპარტამს იყენებენ წონაში დასაკლებად, თუმცა იძლევა საწინააღმდეგო ეფექტს, რადგან ასპარგაინის მჟავა ამგზნებად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ძლიერდება მადა და მიღებული საკვების რაოდენობის კონტროლი რთულდება. მადაზე მოქმედებს ასპარტამის მეორე ელემენტი - ფენილალანინი, რომელიც აქვეითებს თავის ტვინში სეროტონინის (ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემაში) დონეს. სეროტონინის ძირითადი ფუნქციაა განწყობილების ამაღლება, რომლის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს დეპრესიას, პანიკაში ჩავარდნას, ძალადობას",- განაცხადა რამაზ გახოკიძემ და დასძინა, რომ "იმ ქვეყნებში, სადაც ასპარტამი აიკრძალა, მრავალი სიმპტომი გაქრა".

გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოზარდის ტვინს ნატრიუმის გლუტამინატი (E221), რომელსაც იყენებენ გემოს გასაუმჯობესებლად. გახოკიძის თქმით, იგი ნარკოტიკივით მოქმედებს და ბავშვი ასეთ საკვებზე დამოკიდებული ხდება. აღნიშნული დანამატი ზიანს აყენებს მხედველობასაც. მისი ხანგრძლივი მოხმარება იწვევს თვალის ბადურის დაშლას. ნატრიუმის გლუტამინატს დიდი რაოდენობით შეიცავს სწრაფი კვების პროდუქტები.

"დიდ საშიშროებას წარმოადგენს სინთეზური კონსერვანტები, რომელთაც, ანტიბაქტერიული თვისებების გამო, იყენებენ საკვების შენახვის ვადის გასაზრდელად. ისინი იწვევენ კიბოს, თირკმლების, ღვიძლის, გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაავადებებს",- განაცხადა რამაზ გახოკიძემ.

გარდა საშიში დანამატებისა, როგორც გახოკიძე განმარტავს, არსებობს ნაკლებად საზიანო ბუნებრივი წარმოშობის კონსერვანტები, მაგალითად, ღვინის სპირტი, ნახშირორჟანგი, შაქარი (ყურძნის, ჭარხლის), ორგანული მჟავები (ძმარმჟავა, ჭიანჭველმჟავა, სორბინის, ბენზოის, სილიცილის მჟავები). "ყველა მავნე ნივთიერებას, რომელთაც შეიცავს უალკოჰოლო სასმელები, ნაყინები, ძეხვები, საღეჭი რეზინები და ა.შ. მოიხმარენ ჩვენი ბავშვები. მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული. იყიდეთ პროდუქტები, რომელთა ვარგისიანობის ვადა მცირეა. უფრთხილდით მკვეთრად შეღებილ პროდუქტებს", - გვირჩევს პროფესორი.

საკვებდანამატების მანვებლობაზე საუბრობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ეთერ სარჯველაძე. მისი თქმით, იმისათვის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რას მიირთმევს, აუცილებელია პროდუქციაზე ეტიკეტირება, თუ რა საკვებდანამატს შეიცავს და რა დოზით.

"იმისათვის, რომ მოსახლეობამ არ მიიღოს სხვადასხვა დანამატებით გაჟღენთილი პროდუქცია, აუცილებელია, მოხდეს პროდუქციის ეტიკეტირება და მითითებული იყოს მასზე კონსერვანტების, ემულგატორების შემცველობა და მათი რაოდენობა. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რას ჭამს. საკვებდანამატებით გაჟღენთილი პროდუქცია ბაზარზე საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით კარგადაა გაჯერებული მალფუჭადი პროდუქტი. ამ დროს იყენებენ ანტიდამჟანგველებს, რომელიც დიდი რაოდენობით თუ მოხვდა ორგანიზმში, ჟანგბადის პროცესს ანელებს და ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციაც მცირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანებს არ აქვთ ამ საკვებდანამატების შესახებ ინფორმაცია და ცოდნა. მომხმარებლის სამომხმარებლო განათლების დონე არის ძალიან დაბალი. ამას ემატება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ადამიანებიც ცდილობენ, შეიძინონ ასეთი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე იაფია", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სარჯველაძემ.

წარმოებაში საკვებდანამატებს ევროპაშიც იყენებენ, თუმცა ნორმირებულად. "თუ პროდუქტში ასეთმა დანამატმა ზღვრულ ნორმას გადააჭარბა, მეწარმის მიმართ საკმაოდ სერიოზული სანქციები ტარდება. იმისათვის, რომ ბაზარზე არ იყოს მავნე საკვებდანამატებით გაჟღენთილი პროდუქცია, ეტიკეტირების გარდა აუცილებელია, მეწარმის კეთილსინდისიერება. შეიძლება მათი გამოყენება ჩვენთან აკრძალული არ არის, მაგრამ რაც აკრძალული არ არის, ყველაფერი დაშვებული ნამდვილად ვერ იქნება. სხვის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება სერიოზული დანაშაულია," - დასძინა სარჯველაძემ.

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი შოთა ჩხეიძეც ადასტურებს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქციის ანალოგიურად, აუცილებელია, რომ ეტიკეტირება საკვები დანამატების შესახებაც მოხდეს. მისი თქმით, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა დანამატს შეიცავს ესა თუ ის პრდუქტი და თავად გადაწყვიტოს, მიირთვას თუ არა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"