დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა - მითი, თუ რეალობა?

რის ხარჯზე მატულობს სამუშაო ადგილების რაოდენობა საქართველოში

ბოლო ხანებში მთავრობის წარმომადგენლებმა უმუშევრობის შემცირებაზე დაიწყეს საუბარი. მათ მიერ მოყვანილ სტატისტიკას თუ დავეყრდობით, ქვეყანაში თანდათან მცირდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი, სამაგიეროდ, კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მატულობს. სტატისტიკური მონაცემებითაც, 2010 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 12.1%-ით, ხოლო არასახელმწიფოში - გაიზარდა 11.3%-ით. სულ დასაქმებულთა რაოდენობა 2014 წელს 2010 წელთან შედარებით 7.2%-ით გაიზარდა და შეადგინა 1,745.2 ათასი კაცი. ამ საკითხზე მედიასთან ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმაც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მთავრობის ცვლილების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 30 ათასით არის გაზრდილი, მათ შორის ჭარბობს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. ნოდარ ხადური არ არის ერთადერთი მინისტრთა კაბინეტიდან, რომელიც უკანასკნელ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას შეეხო. ბიზნეს სექტორში დასაქმების ზრდაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ და პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრეს.

bpn.ge შეეცადა გაერკვია, კონკრეტულად, რომელი სეგმენტის ხარჯზე იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში. ამ მიზნით დასაქმების სააგენტოებს დავუკავშირდით, რომლებიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდის დინამიკას ვერ გრძნობენ:

ნიკოლოზ ნამორაძე - "ბრეინ სორს ინტერნეიშენალის" მმართველი პარტნიორი საქართველოში:

- ჩვენ უცხოური კომპანიის წარმომადგენლები ვართ და ძირითადად კერძო სექტორთან ვმუშაობთ. კომპანიები გვიკვეთავენ სხვადასხვა კადრს - იქნება ეს მენეჯერი, ფინანსისტი, დირექტორი და ა.შ... მე პირადად, ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ მონაცემებს. უფრო მეტიც, 2014 წელს ჩვენთან შეკვეთები არნახულად შემცირდა. ახლა პრაქტიკულად გაჩერებულები ვართ და ეს მხოლოდ ჩვენს კომპანიას არ ეხება. არ ვიცი "საქსტატმა"ეს ციფრები საიდან მოიტანა, მაგრამ იმას, რომ კერძო სექტორში სამუშაო ადგილები გაიზარდა, მე ვერ დავეთანხმები. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი კომპანია დაიხურა საქართველოში იმიტომ, რომ ამ კრიზისს ვერ გაუძლო. ზოგი ახლა ხურავს თავის წარმომადგენლობას საქართველოში.

"ეიჩარ პარტნერს"-ის დირექტორი ნინო ჯინჯოლავა კი ამბობს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ისიც ვერ ხედავს და მის კომპანიაში ვაკანსიების მხრივ იგივე მდგომარეობაა, რაც 2-3 წლის წინ იყო:

- ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი იმის სათქმელად, რომ დასაქმების ბაზარზე რაღაც შეიცვალა დადებითი, ან უარყოფითი მიმართულებით. ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იმდენად არ იგრძნობა, რადგან 2-3%-იანი ზრდა ბევრს ვერაფერს ცვლის. ფაქტია, რომ ვაკანსიების რაოდენობა ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილი არ არის. თანაც, სამუშაო ადგილების შექმნა ერთია, მაგრამ მეორეა რამდენად სტაბილურია ეს ადგილები. ძალიან ხშირია 1-თვიანი, 2-თვიანი, ან თუნდაც 1-წლიანი სამუშაო ადგილებიც. ამიტომ, ეს საკითხი სერიოზულ დაკვირვებას და კვლევას საჭიროებს. მთავარი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა და არა მათი რაოდენობა.

"ჩვენს სეგმენტში სამუშაო ადგილები მართლაც გაიზარდა", - ამბობს სასტუმროებისა და რესტრონების ფედერაციის დამფუძნებელი და ხელმძღღვანელი შალვა ალავერდაშვილი:

- ახალი სამუშაო ადგილები ნამდვილად მოგვემატა, ეს იმიტომ, რომ სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობა თბილისში და ბათუმში მატულობს. როგორც წესი, სასტუმროში რამდენი ოთახიცაა, დაახლოებით იმდენი მუშახელია საჭირო. მაგალითად: 40-ნომრიან სასტუმროს სულ მცირე, 40 პერსონალი მაინც სჭირდება. რესტორანს რამდენი ადამიანი სჭირდება, ესეც ვიცით - დაწყებული მზარეულითა და დამლაგებლით, დამთავრებული ადმინისტრაციის მუშაკებით. სამწუხაროდ, რეგიონებს ვერაფერი ვუშველეთ და ეს იმიტომ, რომ ამ მხრივ ყველაზე ცუდი კანონმდებლობა გვაქვს მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს, მთავრობა არ ფიქრობს, რომ რეგიონებში სეზონური დაბეგვრა აუცილებელია. როგორც წესი, იქ ტურისტები მხოლოდ რამდენიმე თვით ჩადიან, სამი თვით რომ სასტუმრო გახსნათ, მერე დარჩენილ თვეებში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადი უნდა იხადოთ როგორც იურიდიულმა პირმა, ანუ ორმაგი და სამმაგი ოდენობით. ამიტომ, საქართველოს რეგიონებში ეს ბიზნესი ვერ ვითარდება და თუ სეზონური დაბეგვრა არ იქნება, იქ ეს სფერო მომავალშიც ჩამკვდარი იქნება.

როგორც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო ხანებში თბილისში ძალიან ბევრი მშენებარე ობიექტი გაჩნდა, რამაც თავისთავად მოითხოვა ახალი მუშახელი.

კომპანია "ეპიკ დეველოპმენტის" მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დოდო შენგელია:

- მართალია, ბევრი ფიქრობს, რომ დოლარის კურსის მატების გამო ბინების რეალიზაცია ჭირს, მაგრამ მე ამას ვერ დავეთანხმები. შეიძლება რაღაც მომენტში კლიენტებმა ახალი ბინის შეძენისაგან თავი შეიკავეს, მაგრამ რეალიზაცია თითქმის იგივე დარჩა. ასე რომ, ჩვენი კომპანია ბინებსაც ყიდის და სამუშაო ძალასაც იმ რაოდენობით ასაქმებს, რამდენიც გვჭირდება. არავინ გაგვიშვია, პირიქით, ადმინისტრაციაში რამდენიმე ადამიანი კიდევ დავიმატეთ. არ არის გამორიცხული, რომ ნაწილობრივ სწორედ სამშენებლო სექტორის ხარჯზეც მოიმატა სამუშაო ადგილების რიხვმა საქართველოში.

კომპანია ისტ-გეით ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი იაშვილმა კი, აგრარულ სექტორზე გაამახვილა ყურადღება: "ჩემი აზრით, სამუშაო ადგილების ზრდა ძირითადად აგრარული სექტორის დამსახურებაა იმიტომ, რომ სახელმწიფომ ამ დარგის წასახალისებლად სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა, რამაც დიდი სტიმული მისცა აგრარულ დარგში გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას. სოფლის მეურნეობის ხელშეწმყობი კრედიტებით მე ერთ-ერთმა პირველმა ვისარგებლე, ჩემნაირი კი ბევრია. შესაბამისად, მგონია, რომ სამუშაო ადგილების მატება გარკვეულწილად სწორედ ამ სექტორზე მოდის. შორს რომ არ წავიდე, მე თვითონ ვისარგებლე აგრარული კრედიტით და ჩემს პარტნიორებთან ერთად კახეთში ახალი ღვინის ქარხანა გავხსენი, სადაც ახლა 35 ადამიანი მუშაობს. კიდევ ვაპირებ ამ ინსტრუმენტებს მივმართო, რადგან მსგავსი შეღავათები ნებისმიერი ბიზნესისთვის მისაღებია. ბუნებრივია, ბიზნესის ხელშეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც უწყობს ხელს".

ხათუნა ჩიგოგიძე