თბილისში სასტუმრო Iveria Inn გაიხსნა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო Iveria Inn-ის გახსნას დაესწრო. მერიის ინფორმაციით, 71-ნომრიანი სასტუმრო Iveria Inn ტურისტული და ბიზნეს კლასისთვის არის განკუთვნილი. სასტუმროში დასაქმებულია 42 ადამიანი და მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.  სასტუმრო მთლიანად ქართული ინვესტიციებით აშენდა. ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 5 000 000 ლარია.

დავით ნარმანიას თქმით, მისასალმებელია, როცა ქართველ ბიზნესმენებს დედაქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ახალი სასტუმროს გახსნით ქალაქში დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნა.

სასტუმროს გახსნას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი და ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრნენ.