"ამაზონის" მომხმარებელს ინტერნეტით ნაყიდი ნივთი სახლში 30 წუთში მიუვა

"ამაზონის" მომხმარებელს ინტერნეტით ნაყიდი ნივთი სახლში 30 წუთში უპილოტო საფრენი აპარატით მიუვა. კომპანია "ამაზონის" ხელმძღვანელობა აღნიშნულ სერვისზე უკვე დიდი ხანია მუშაობს. მათი თქმით, ისინი მუშაობას სრულად ამ საკითხზე დაახლოებით ერთ წელიწადში დაასრულებენ. კომპანია 30-წუთიანი მიტანის სერვისით განსაკუთრებულ კლიენტებს მოემსახურება.

აშშ-ის ფედერალურმა ავიაციამ "ამაზონს" უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უფლება უკვე მისცა. ნებართვის მიხედვით, "ამაზონის" "დრონებს" უფლება აქვთ, არაუმეტეს 125 მეტრის სიმაღლეზე იფრინონ, რათა მათ ავიაციას ხელი არ შეუშალონ. "ამაზონის" ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია, თუ სად განხორციელდება პირველად მათი მიტანის სწრაფი სერვისი. თუმცა, წინასწარი გათვლებით, თავდაპირველად "დრონები" ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ფილადელფიაში იფრენენ.