ყოველ სამ კაცზე ერთი მანქანა!

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 054 000 მანქანაა რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს მანქანა ჰყავს. სპეციალისტები ამ მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 3 წლის წინათ საქართველოს მასშტაბით 806 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2011 წელს მათი რაოდენობა 745 000-ს არ აღემატებოდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ავტომობილების რეგისტრაციამ 8,2%-ით მოიმატა, 2013 წელს კი - 9,1%-ით. რაც შეეხება 2014 წელს, როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს, ავტომანქანების რაოდენობამ 1 054 000 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ავტოპარკის 60,9%-ს მსუბუქი ავტომანქანები შეადგენს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი (90,9%) 2004 წლამდეა წარმოებული. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით კი, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი.

მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილის ინფორმაციით, 400 000-ს აჭარბებს იმ მანქანების რაოდენობა, რომელთა ასაკი 20 წელს აღემატება. ეს არის ის კატეგორია, რომელთაც ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. ყველაზე მეტი ავტომობილია 10-დან 20 წლამდე. რაც შეეხება სრულიად ახალ ავტომობილებს (0-დან 3 წლამდე), მესხიშვილის თქმით, მათი რიცხვი 50 ათასს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მანქანების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანამ ალტერნატიულ საშუალებებს უნდა მიმართოს, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი, რაც ქვეყანაში კერძო ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.

მესხიშვილის აზრით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ქაოსურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირ რეგულაციას ვერ აწესებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

"ამდენი ავტომანქანა სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ დარგი არასწორი პოლიტიკით ვითარდება. გარდა ამისა, ჩვენ შემთხვევაში, ბევრი და ძველი მანქანა გაჭირვების მიზეზია, ვინაიდან ავტომობილების უმეტესობა განკუთვნილია იმისათვის, რომ ადამიანებმა მცირე შემოსავალი მიიღონ. მანქანების რაოდენობის ზრდა, ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგიც იყოს, მაგრამ რეალურად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველოში ავტომობილს ყიდულობს ყველა - სჭირდება თუ არ სჭირდება. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ევროპაში ამ დარგის განვითარების მხრივ სერიოზული ღონისძიებები გატარდა და ახლაც ტარდება. მაგალითად, ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად მიიღო ის, რომ ერთმა ავტობუსმა დაახლოებით 100 მანქანა გააჩერა", - აცხადებს მესხიშვილი.

შესაბამისად, საქართველოში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და პარალელურად ხალხის წახალისება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ.

"მიგვაჩნია, რომ ტრანსპორტის მიმართულებით მომუშავე სხვადასხვა სამსახური, რომელიც რამდენიმე უწყებაშია გადანაწილებული, ერთ სტრუქტურაში უნდა მოექცეს და შეიქმნას სპეციალური სამინისტრო ან თუნდაც დეპარტამენტი. ასეთი უწყება ყველა ქვეყანაშია და აუცილებელია, სასწრაფოდ აქაც გატარდეს სწორი რეფორმა და შეიქმნას ტრანსპორტის სამინისტრო. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია ერთი ხელმძღვანელი და არა 14, რომლებიც კოორდინაციაში არ არიან ერთმანეთთან, შედეგად კი საქმე ფუჭდება. შემაშფოთებელია იაპონიიდან ავტომანქანების ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი. 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს იაპონიიდან მანქანების ექსპორტი 283%-ითაა გაზრდილი. 2012-ში შემოვიდა - 12-13 ათასი, 2014-ში - 45 000 ათასი, აქედან 90% მარჯვენასაჭიანი. ეს ჩვენი საგზაო მოძრაობისთვის კატასტროფაა. არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წელს მარჯვენასაჭიანების იმპორტმა მარცხენასაჭიანებს გაუსწროს. აუცილებელია, რომ მარჯვენასაჭიანების იმპორტზე გარკვეული შეზღუდვა დაწესდეს, რადგან ისინი საგზაო მოძრაობას ართულებენ", - განაცხადა მესხიშვილმა.

ავტოექსპერტი, ჟურნალ "ავტობილდის" რედაქტორი შალვა ბუაჩიძე ფიქრობს, რომ საქართველოში მანქანების რაოდენობა უახლოეს რამდენიმე წელიწადში კიდევ მოიმატებს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. ბუაჩიძე თვლის, რომ ქაოსური მოძრაობის საკითხი ურბანისტების აქტიური ჩარევით უნდა მოგვარდეს. "საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. იგი, გარკვეულწილად, მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლე ვადაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ეჭვით ვუყურებ. ქართველი კაცი, რომელსაც მანქანა ჰყავს, მეტროთი არ იმგზავრებს, ეს გამორიცხულია. ქაოსური მოძრაობის პრობლემა ურბანისტების ჩარევით უნდა მოგვარდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მძიმე. ხალხს გაუჩნდა საშუალება და ავტომანქანებს ყიდულობს, ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სპეციალისტების აქტიური და სწორი ჩარევით, ალბათ, საცობებთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდება", - აცხადებს ბუაჩიძე.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"