ლევან ვასაძე რუსული საფინანსო ჯგუფის "სისტემის" ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

რუსული საფინანსო ჯგუფის "სისტემის" მმართველ გუნდს ქართველი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე დაუბრუნდა.

რუსული მედიის ცნობით, იგი კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. ამავდროულად "სისტემა" დატოვა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონ აბუგოვმა, რომელიც ფინანსური ჯგუფის ინვესტიციების განყოფილებას ხელმძღვანელობდა ტელეკომუნიკაციების სფეროში. აბუგოვს არ დაუკონკრეტებია ჩაიბარებს თუ არა ვასაძე სატელეკომუნიკაციო პორტფელს. "ჩვენ არ ვასაჯაროებთ ჩვენი შიდა სტრუქტურის შესახებ დეტალებს", - განაცხადა "სისტემის" წარმომადგენელმა. რუსული საფინანსო ჯგუფის მმართველი საბჭო დატოვა ასევე კრისტოფერ ბაქსტერმაც, რომელიც მომხმარებელთა სექტორის მენეჯერი იყო კომპანიაში.

ლევან ვასაძე "სისტემაში" 1998-დან 2006 წლამდე მუშაობდა. იგი პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და სტრატეგიული განვითარების საკითხებს კურირებდა. ცხრა წლის წინ ვასაძე სადაზღვევო კომპანია "როსნოს" ხელმძღვანელობდა, რომელიც "სისტემის" თანამფლობელი იყო. 2007 წლის თებერვალში, გერმანულმა კომპანია "ალიანცმა" "სისტემის" წილი იყიდა "როსნოდან", რის შემდეგაც ვასაძემ რუსული ფინანსური ჯგუფი დატოვა. მას შემდეგ ქართველმა ბიზნესმენმა პარტნიორებთან ერთად საინვესტიციო ფონდები Prometheus Capital Partners და CIS Acquisition შექმნა. ვასაძემ ასევე დააფუძნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მართლმადიდებლური სასწავლებელი, რომელიც კიკეთში მდებარეობს.

რუსული საფინანსო ჯგუფი "სისტემა" საინვესტიციო ჰოლდინგს წარმოადგენს, რომლის აქტივების ყველაზე დიდი ნაწილი ღია სააქციო საზოგადოება "მობილურ ტელესისტემებს" ეკუთვნის. "სისტემის" წილის ყველაზე მსხვილი აქციონერი კი ვლადიმერ ევტუშენკოვია, რომელიც აქციების 64,19 პროცენტს ფლობს.