არის თუ არა საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი?

BDO-ს ინდექსის თანახმად, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი გაუმჯობესდა

საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მეზობელ სახელმწიფოებს შორის - ასეთია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევის ანგარიში. საქართველო კვლევაში 2012 წლიდან მონაწილეობს. კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლის, ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, ყოველწლიურად, საქართველოს პოზიციები უმჯობესდება და წლევანდელი მონაცემებით, 174 ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე ვართ.

თუმცა, ექსპერტების შეფასებისა და სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა. ამგვარად, ჩნდება კითხვა - თუკი რეგიონში საქართველო ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველია, მაშინ რატომ არ იზრდება ინვესტირება? საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ამაზე ცალსახა პასუხი არ აქვს, ხოლო BDO-ს ქართული წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ნებისმიერ კვლევას თავისი მეთოდიკა გააჩნია, რაც განსხვავებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებს განაპირობებს.

BDO-მ კვლევა მსოფლიოს 174 ქვეყანაში ჩაატარა, ხოლო შეფასების კრიტერიუმად სამი ძირითადი კომპონენტი გამოიყენა: ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორები.

ზურაბ ლალაზაშვილი, BDO-ს წარმომადგენელი საქართველოში: აღსანიშნავია, რომ საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა. ბოლო მონაცემებით, ჩვენი მეზობელი სომხეთი 66-ე, აზერბაიჯანი 65-ე, უკრაინა 89-ე, თურქეთი 57-ე, ხოლო რუსეთი მე-100 ადგილზეა.

- თუმცა, რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესების პარალელურად, ბოლო წლებში საქართველოში ინვესტირება მნიშვნელოვნად შემცირდა. თუკი, ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მხრივ მიმზიდველია, მაშინ ბიზნესმენებს აქ ინვესტიციების განხორციელებაში ხელს რა უშლით?

- ეს კარგი შეკითხვაა. ინვესტიციების კუთხით მდგომარეობა გაუარესებული გვაქვს, ნაკლები ინვესტიციები შემოვიდა. თუმცა, შარშან უცხოური ინვესტიციების ნაწილში გაუმჯობესება იყო - გაყიდვის, ენერგეტიკის, განათლების კუთხით, ტელეკომუნიკაციებში ინვესტირება გაუარესდა. გააჩნია რომელ მაჩვენებელს დავეყრდნობით. ზოგადად, ინვესტორები გადაწყვეტილებას გრძელვადიან პროექტებზე იღებენ, რაც შეიძლება 5 წლის მანძილზეც მზადდებოდეს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელება მკვეთრად შემცირდა და 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 175 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34%-ით ნაკლებია 2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით. წინა წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 265 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო ორი წლის მანძილზე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები 2014 წლის მეორე კვარტლის მონაცემებს აღემატება.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია ოპტიმიზმს არ კარგავს და მიიჩნევს, რომ სააგენტოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადასვლა ამ პროცესზე დადებითად აისახება.

”ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი მოლაპარაკებებს უშუალოდ მთავრობასთან აწარმოებენ, ამით ერთგვარი გარანტის, დაცულობის გრძნობა ექმნებათ. ვერ ვიტყვი, რომ სიტუაცია უარესობისკენაა. პირიქით, ინვესტიციები შემოდის, იგივე ჰიდრო ელექტროსადგურებში მიდის ინვესტირება და ჩვენ მომავალში ვნახავთ საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხებს, რომელიც ამ მიმართულებით წავა. სააგენტო 6 თვეში ერთხელ მთავრობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს”, - ამბობს გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, ინვესტირების კუთხით უცხოელი ბიზნესმენები უკვე დაინტერესდნენ გონიოს პროექტით: ”საინვესტიციო სააგენტოს დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “Colliers international Specialist and Consulting UK LLP”-მ გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის საკურორტო ზონის განვითარების მიზანშეწონილობისა და საინვესტიციო პოტენციალის კვლევა ჩაატარა. პროექტი გულისხმობს კურორტის 3 ძირითად ფაზად განვითარებას, რომლის ჯამური ხანგრძლივობა 30 წელს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ გონიოს პროექტის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გავმართავთ,” - დასძინა პერტაიამ.

თუმცა, ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში მიიჩნევენ, რომ ცალკეული კვლევების რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნა მშვიდად ყოფნის მიზეზს არ გვაძლევს და სახელმწიფომ ინვესტიციების მოსაზიდად დიდი მუშაობა უნდა გასწიოს.

bpn-თან საუბარში ეკონომისტმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით საქართველოს ინდექსის გაუმჯობესება ერთ დღეში არ მომხდარა, ამ მდგომარეობის მიღწევას წლები დასჭირდა.

”საინვესტიციო მიმზიდველობა დამოკიდებულია ეკონომიკურ მარეგულირებელ ბაზარზე, რომელსაც ინვესტორი უყურებს - რამდენად ადვილია ბიზნესის წამოწყება, არის თუ არა რთული რეგულაციები. ინვესტიციების ეს ბაზა წლების მანძილზე შენდებოდა. ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის რეიტინგი და ბიზნესის სიმარტივე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კოზირია. საქართველო საინტერესოა სატრანსპორტო დერეფანის თვალსაზრისითაც, რადგან უცხოელი ბიზნესმენებისთვის მრავალი საინტერესო პროექტის შეთავაზება შეიძლება. რაც შეეხება საინვესტიციო პროცესებს: შარშანდელი მონაცემებით დიდი ინვესტიციები შემოვიდა, მაგრამ ამ სტატისტიკის არ მჯერა. ვფიქრობ, სტატისტიკის სამსახური მონაცემები რეალობას ადეკვატურად ვერ ასახავს. არც ის მჯერა, რომ 2015 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა. პირიქით, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. ვეჭვობ, ბოლო კვარტლის მონაცემებზე რაღაც ფორმით გადაწერა ხომ არ მოხდა? ასეთი ჭორების ასაცილებლად აუცილებელია აუდიტის სამსახურმა საქსტატის მუშაობა კარგად შეისწავლოს. გახსოვთ, შარშან დიდი დაბანდებები არ ყოფილა და უცებ, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში ინვესტიციები გაიზარდა. რანაირად?! მე არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ... რამდენი წელია, რაც პარლამენტში საქსტატის ერთი საკომიტეტო მოსმენაც კი არ ყოფილა”, - ამბობს რომან გოცირიძე.

როგორც ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში აცხადებენ, ბიზნესისა და საინვესტიციო საკითხებზე კვლევების წარმოება და საინფორმაციო ბაზის შექმნა იგეგმება. რაც გულისხმობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ კვლევების წარმოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისთვის კვლევების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

სალომე გოგოხია