როგორ იღებენ ბანანის მოსავალს კოსტა-რიკაში

ბანანი ძირითადად მსოფლიოს ტროპიკულ რეგიონებში მოდის. როგორც წესი, ბანანის მოსავალს მაშინ იღებენ, როდესაც ბანანი ჯერ კიდევ დაუმწიფებელი, მწვანე ფერისაა.

პლანტატორთა განცხადებით, ბანანები გადაზიდვის დროს მწიფდება. ბანანის დამწიფებისთვის, მისი ოთახის ტემპერატურაზე შენახვაა საჭირო. კომპანია ”დოლის” გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ იღებენ ბანანის მოსავალს კოსტა-რიკაში.

როგორც კი ბანანი ნაყოფს გამოიღებს, მას პოლიეთილენის პარკებში ფუთავენ, რათა ნაყოფს არაფერი დაეცეს და არ დააზიანოს. პოლიეთილენის პარკებში შეფუთული ბანანები ხეზე 12-13 კვირის განმავლობაში უნდა იყოს მოსავლის აღებამდე. ბანანების დაკრეფის შემდეგ მცენარეს საერთოდ ჭრიან, რადგან ის ნაყოფს აღარ გამოიღებს. თუმცა, ერთი შეხედვით უცნაური საქციელი, პლანტატორებისთვის სულაც არ არის უცნაური, რადგან ბანანის ძველი მცენარის მოჭრის შემდეგ, ახალ მცენარეებს რგავენ, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ ახალ მოსავალს გამოიღებს.

მოკრეფილ, პოლიეთილენის პარკებში შეფუთულ ბანანებს სპეციალურ საბაგიროზე კიდებენ და ასე აწვდიან ფაბრიკას, სადაც ბანანის გადახარისხება და შეფუთვა ხდება. თავდაპირველად ბანანებს სპეციალურ აუზში 30 წუთის განმავლობაში ათავსებენ, შემდეგ იღებენ, აშრობენ, კვლავ პოლიეთილენში ახვევენ, საფირმო ყუთებში ათავსებენ და ექსპორტზე აგზავნიან.

ფაბრიკაში მოხვედრილი ბანანებიდან კონტროლის ხარისხს მხოლოდ ბანანის 5-6% ვერ გადის. ექსპორტისთვის დაწუნებული ბანანის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. დაწუნებული ბანანებისგან კოსტარიკელები ფქვილს ამზადებენ, რომლისგანაც ბანანის პურს აცხობენ ან საბავშვო საკვებს ამზადებენ.