მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი ჩავარდა

როგორც კომპანია „ლასიმპექსის“ დამფუძნებელმა, სევერიან ჯიშკარიანმა bpn -ს განუცხადა, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო პროდუქცია, რომელიც ევროპიდან შემოდიოდა, დოლარისა და ევროს პროპორციულად გაძვირდა, შესაბამისად, კომპანიას გაყიდვები გაუნახევრდა.

„ეს ბიზნესი ისედაც სულს ღაფავდა. ეკონომიკური კრიზისის გამო ევროპული მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად ელეოდა ძველ ტანსაცმელს, შესაბამისად, პროდუქცია ადგილზევე ძვირია. გარდა ამისა, მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობაში ბოლო დროს საქართველოში ბევრი ახალბედა ჩაერთო. მათ კი გამოცდილება არ ყოფნიდათ, ხშირად, არასწორად არჩევდნენ მომწოდებლებს, უხარისხო პროდუქციას იღებდნენ და რეალიზაციას ვეღარ ახერხებდნენ; თავადაც კოტრდებოდნენ და მეორადების ბაზარსაც დარტყმა მიაყენეს. ბოლო აკორდი ლარის გაუფასურება იყო, ბევრი საწყობი, როგორც ვიცი, დაიხურა“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

თავად „ლასიმპექსმა“, რომელიც მეორადების გადამამუშავებელ საწარმოსა და საწყობს ფლობს, დევალვაციის გამო რეექსპორტი შეწყვიტა. „ტანსაცმლის ნაწილს ადგილზე ვყიდდით და დანარჩენს კი - ანარჩევს - აფრიკისა და აზიის ღარიბ ქვეყნებში ექსპორტზე ვგზავნიდით, თუმცა, დევალვაციის გამო მისი თვითღირებულებაც გაიზარდა, თან რეალიზაცია რადგან შემცირდა, არც აღარაფერია ასარჩევი და გასაგზავნი“, - აღნიშნა სევერიან ჯიშკარიანმა.

ბელა ნოზაძე