თბილისის სასტუმროებმა სუპერთასის ფინალისთვის ჩამოსული სტუმრები შესაძლოა, ვერ დაიტიოს

უეფა-ს სუპერთასისთვის, რომელიც 11 აგვისტოს თბილისში "დინამო არენაზე" გაიმართება, ათასობით უცხოელ სტუმარს ელოდებიან. ფინალურ შეხვედრაზე დასასწრები 6 000 ბილეთი უცხოელ გულშემატკივარზეა გათვლილი. ამას გარდა, ელოდებიან უამრავი უმაღლესი რანგის სტუმარს, რომელთა განთავსებაც მაღალი დონის სასტუმროებმა უნდა უზრუნველყონ.

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, დაიტევს თუ არა თბილისის სასტუმროები მოსალოდნელი რაოდენობის სტუმრებს.

როგორც აღმოჩნდა, სასტუმრო "თბილისი მარიოტს" 9-12 აგვისტოს პერიოდში თავისუფალი ნომრები არ აქვს. მოთხოვნა კი დიდია. თავისუფალი ნომრები არ აქვს არც "ქორთიარდ მარიოტს". სასტუმრო "რედისონში" კი განაცხადეს, რომ თავისუფალი და დაკავებული ნომრების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური: "ეს არის ძალიან დატვირთული პერიოდი ჩვენი სასტუმროსთვის, მაგრამ ზუსტად რამდენი თავისუფალი ნომერი დარჩა, ამას ვერ გეტყვით. მოთხოვნა არის დიდი", - ამბობენ "რედისონში".

Ambebi.ge-მ სცადა "რედისონის" ნომრის დაჯავშნა 10 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, თუმცა, როგორც სისტემამ მიუთითა, ამ დროისათვის თავისუფალი ნომრები არც ამ სასტუმროში არის.  რაც შეეხება სხვა სასტუმროებს, "ჰილიდეი ინნ თბილისის" მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თათული ოქრიაშვილის თქმით, უეფა-ს სუპერთასის ფინალის პერიოდში ძალიან ცოტა თავისუფალი ოთახია დარჩენილი როგორც სასტუმროში "ჰოლიდეი ინნ თბილისი", ასევე სასტუმროში "რუმს თბილისი".

"ჰოლიდეი ინნ"- ში არის 270 ოთახი და "რუმს თბილისში" 135 ოთახი. სამწუხაროდ, დაჯავშნული ოთახების ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, თუმცა მოთხოვნა ნამდვილად ძალიან დიდია", - აღნიშნა თათული ოქრიაშვილმა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ უეფა-ს სუპერთასის პერიოდისთვის დეფიციტი არის არა მხოლოდ მაღალი დონის, არამედ საშუალო დონის სასტუმროებშიც. "ფეხბურთი გლობალური მოვლენაა. თან ისეთი გუნდები ჩამოდიან, რომ უფრო დიდი დაინტერესებაა, ვიდრე მაგალითად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე. ფეხბურთს უფრო მეტი დასწრება ექნება, უფრო მეტ სტუმარს ჩამოიყვანს. რაც შეეხება რესტორნებს, ამის პრობლემა არ გვაქვს. რესტორნები დიდი რაოდენობით გვაქვს. თან ისეთი პერიოდია, როდესაც ქალაქი ნაწილობრივ დაცლილია. ეს ფინალი რომ ჩატარებულიყო სექტემბერში, ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ მხრივაც, ვინაიდან რესტორნები მაგ დროს სავსეა", - აღნიშნა ალავერდაშვილმა.

სასტუმროებში თავისუფალი ადგილების დეფიციტზე საუბრობს საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარიც: "ეს იქნება ქალაქისთვის ვიზიტორების დანამატი. აგვისტოში, როგორც წესი, სასტუმროებს ჰქონდათ ხოლმე საკმაოდ ბევრი თავისუფალი ადგილი. ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, თბილისში რჩებოდა ხოლმე ერთი-ორი ღამე, და შემდეგ მიდიოდა უფრო მთიან რეგიონებში და კურორტებზე. ამიტომაც აგვისტოს პერიოდში ამ დრომდე თბილისის სასტუმროებს ჩავარდნა ჰქონდათ ხოლმე. წელს, როდესაც ჩვენ დამატებით რამდენიმე ათას ვიზიტორზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, რომ ეს სასტუმროები არ იქნება საკმარისი".

უეფა-ს სუპერთასი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რაც კი თბილისში და საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებულა. თუ როგორ მოიქცევიან სასტუმროების დაჯავშნილ ნომრებს მიღმა დარჩენილი სტუმრები, ჯერ უცნობია. თუმცა, მიუხედავად პრობლემებისა, ტურიზმის საკითხებში ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წახალისებული უნდა იყოს.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE