რატომ მოითხოვა ქართულმა მხარემ ლარსის გამშვებ პუნქტზე სამუშაო დროის შემცირება?

რა გახდა გუდაური-კობის მონაკვეთზე ასობით სატვირთო ავტომობილის შეყოვნების რეალური მიზეზი

"ღვარცოფული ნაკადის მოვარდნის შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 24-საათიანი მუშაობის განრიგი, ქართული მხარის მოთხოვნით შეიცვალა. 7 ივნისიდან გამშვები პუნქტი მხოლოდ დღის განმავლობაში იმუშავებდა. ამ გადაწყვეტილებამ სატრანსპორტო ნაკადის გადაადგილების შეფერხება და მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია", - ინფორმაცია კობი-გუდაურის მონაკვეთზე სატრანსპორტო გადაადგილების შეფერხების რეალური მიზეზის შესახებ, ბპნ-ს რუსულმა გამოცემა "კავკაზკი უზელმა" ადგილობრივ უწყებებთან გადამოწმების შემდეგ მიაწოდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე შექმნილი საცობის მიზეზად გასულ კვირას საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გაზრდილი ტვირთბრუნვა დაასახელა.

"შესაბამისად, გაზრდილია ტრაილერების ნაკადი და რუსული მხარე ლარსის საბაჟოზე ვერ უზრუნველყოფს მათ დროულად გატარებას. პრობლემა მომდინარეობს არა ქართული, არამედ რუსული მხრიდან. გაზრდილია ნაკადი, განსაკუთრებით სომხური ტრანზიტის ხარჯზე. ჩვენ ვატარებთ ძალიან სწრაფად, თუმცა რუსული მხარე ვერ უზრუნველყოფს მათ დროულად და ეფექტიანად გატარებას. ჩვენ დამოკიდებულები ვართ რუსულ მხარეზე", - ნათქვამი იყო შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

ინფორმაციის დაზუტების მიზნით, ჩვენ ინტერნეტ გამოცემა "კავკაზკი უზელს" დავუკავშირდით. რუსმა კოლეგებმა ჩვენი შეკითხვებით რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს მიმართეს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო გადაადგილების შეფერხება ქართული მხარის მოთხოვნამ განაპირობა.

"ღვარცოფის შესაძლო მოვარდნის საფრთხიდან გამომდინარე, ქართული მხარის ინიციატივით, გამშვები პუნქტი 24-საათიანი სამუშაო გრაფიკიდან დღის მუშაობაზე გადავიდა. შესაბამისად, ლარსის გამშვები პუნქტი დილის 6-დან საღამოს 6 საათამდე იმუშავებდა. განრიგის შეცვლის შედეგად საზღვარზე მოსალოდნელი საცობის შესახებ მძღოლებსა და მგზავრებსაც აცნობეს და სთხოვეს, ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოკიდებოდნენ", - ნათქვამია პასუხში.

თუმცა, უკვე 8 ივნისიდან სასაზღვრო პუნქტზე ტრაილერების უზარმაზარ ნაკადს ბოლო არ უჩანდა, ხოლო ხანგრძლივი ლოდინით უკმაყოფილო მძღოლებს საბაჟოს თანამშრობლები მშვიდად უხსნიდნენ, რომ სამუშაო განრიგის შეცვლა ქართული მხარის მოთხოვნით, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფორმაციით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, 30 ივნისს ქართულმა მხარემ მათ თხოვნით მიმართა, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე სამუშაო დრო 4 საათით გახანგრძლივებულიყო.

"1 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დილის 5-დან საღამოს 8 საათამდე (მოსკოვის დროით) იქნება შესაძლებელი, ხოლო რუსეთის მიმართულებით 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, "ზემო ლარსის" მიმართულებით სატრანსპორტო გადაადგილება კი საღამოს 7 საათიდან შეიზღუდება", - ნათქვამია რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის განცხადებაში.

სალომე გოგოხია