საწვავის იმპორტი გაიზარდა

საწვავის იმპორტის მიმდინარე წლის 6 თვის მაჩვენებელი 14,5%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 81,0 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს.

"მათ შორის, ივნისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 40,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 40,3 ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,5 ათასი ტონა ანუ 67,6%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,2 ათასი ტონა ანუ 30,0%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 2,4%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივნისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 23,2 ათასი ტონა ანუ 57,6%, L-62 დიზელის საწვავი - 17,1 ათასი ტონა ანუ 42,4%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ივნისის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 32,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 39,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 20,4 ათასი ტონა -25,2%; აზერბაიჯანი - 11,0 ათასი ტონა - 13,6%; რუსეთი - 7,8 ათასი ტონა - 9,6%; საბერძნეთი - 6,8 ათასი ტონა - 8,4%, თურქმენეთი - 2,5 ათასი ტონა - 3,1% და ა.შ.

სულ 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 450 ათასი ტონა, რაც 65,2 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 384,8 ათასი ტონა. მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 191,1 ათასი ტონა, რაც 19.2 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 171,9 ათასი ტონა. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 258,9 ათასი ტონა, რაც 46 ათასი ტონით მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 171,9 ათასი ტონა.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც: მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 11,4 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 91,2% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ 2015 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 33,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 33,5 ათასი ტონა.

მ/წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა. სულ 2015 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 8.4 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალები, რაც 0,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს - 8,0 ათას ტონას. 2015 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,6 ათასი ტონა. სულ 2015 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 23,8 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც 4.9 ათასი ტონით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით - 28,7 ათასი ტონა,"- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.