გახდება თუ არა საქართველო თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში

"პერსპექტივა, რომ ამ დარგში იტალიასაც გავუსწროთ, სავსებით რეალურია"

თხილის წარმოება საქართველოში არა ერთი ოჯახისთვის იქცა შემოსავლის მთავარ წყაროდ, უფრო მეტიც, ბოლო წლებში თხილი საექსპორტო ათეულში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას შეფასებით, 2014 წელს თხილის ექსპორტმა ღვინის ექსპორტსაც კი გადააჭარბა - თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხა 183,4 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო ღვინის ექსპორტიდან - 180 მილიონი დოლარი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსული თანხის ოდენობა 10%-ით გაიზარდა, ასევე გაიზარდა მისი წილი მთლიან ექსპორტშიც, თუმცა, უკლებლივ ყველა აღიარებს, რომ თხილის წარმოების სრულფასოვან დარგად ჩამოყალიბებაში მეცნიერების ჩარევა აუცილებელია.

დარგში არსებულ პრობლემებზე და მისი განვითარების გზებზე bpn.ge საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ალექსანდრე მოწერელიას ესაუბრა:

- ხშირად ვამბობ, რომ თხილის წარმოება ეს არის ახალი დარგი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ლამის სტიქიურად განვითარდა. ამ სიტყვას იმიტომ ვიყენებ, რომ თხილის წარმოებას სახელმწიფოს მიერ არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონია - არც პროგრამა, არც სუბსიდია, არც დახმარება და არც სხვა რამ. რაც მთავარია, საქართველოში თხილის წარმოების ტრადიციაც კი არ არსებობდა. ვინაიდან თხილის წარმოება მზარდი ტემპებით ვითარდება და სახელმწიფოს დიდ შემოსავალს აძლევს, ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ სფეროში მეცნიერების ჩარევა აუცილებელია. დრომ უკვე მოიტანა, რომ მეცნიერები ჩაერთონ ამ საქმეში, ვინაიდან ვერც ერთი დარგი ვერ განვითარდება სრულყოფილად, თუკი პრაქტიკისა და მეცნიერების კავშირს არ დაეფუძნება. იმისათვის, რომ გლეხმა სრულფასოვანი მოსავალი მიიღოს, აუცილებელია ნიადაგის განოყიერება, მელიორაცია, პლანტაციის სწორად გაშენება და მოვლა... ზოგჯერ გლეხმა არც კი იცის, ვის მიმართოს, სად მივიდეს, ან რა სახის სასუქი შეიტანოს - ორგანული, მინერალური, თუ სხვა.

- ამის დასტურია ისიც, რომ ხალხმა გაჩეხა ჩაი და დარგო თხილი, რომელმაც იმ ადგილებში ვერ იხარა?

- ვერ იხარა იმიტომ, რომ ჩაი ყოველთვის მჟავე ნიადაგებზე ხარობს, თხილს კი, ასეთი ნიადაგი არ უყვარს. იმისათვის, რომ მოსავალი მიიღო, ასეთ ნიადაგში კირი უნდა შეიტანო. მათ კი, არავის ჰკითხეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო თხილის წარმოებაში მეცნიერების ჩართვა. ყველას, ვისაც თხილი მოჰყავს, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ მოუაროს ნიადაგს, როგორ შეიტანოს სასუქი, ან როგორ გასხლას. ბევრმა ეს არ იცის, ბევრს კი, ხელი არ მიუწვდება სპეციალისტთან რომ მივიდეს. თვითონ აგრონომებსაც სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება, ევროპაში ახალი ტექნოლოგიები შემოდის, ახალი ხედვები აქვთ, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ქართული თხილის ღირსებები და სისუსტეებიც. ეს პრობლემები მეცნიერებს სრულყოფილად აქვთ დამუშავებული და საჭიროა მათი გლეხებამდე მიტანა.

- თუ ამ დარგში მეცნიერებიც აქტიურად ჩაერთვებიან, რა პერსპექტივა აქვს ქართულ თხილს?

- საკმაოდ დიდი: ლაპარაკია თხილის მოსავლის გაორმაგებასა და გასამმაგებაზე, რის შემდეგაც ჩვენ შეიძლება გავხდეთ თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში. ამას რომ მივაღწიოთ, ელემენტარულად თხილისთვის საჭირო ნიადაგი უნდა მოიძებნოს და თხილის პლანტაციები სხვა კულტურების ხარჯზე არ უნდა გაშენდეს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ გადაწყდა უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი დარგისათვის: ეს არის თხილის შრობის ბუნებრივი დანაკარგის რეგულაციის საკითხი. ეს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა მიიღო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საეტაპო მნიშვნელობის საკითხია ჩვენთვის.

- რატომ, ბატონო ალექსანდრე?

- როდესაც ჩვენებური თხილი საწარმოში მოდის, სველია. თუკი თურქეთში ან იტალიაში, ფერმერი თვითონ აშრობს თხილს და ისე მიაქვს საწარმოში, ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება. ამიტომ საწარმოს ხშირად სველი თხილის გაშრობა უწევს. აქამდე შრობის შედეგად მიღებულ დანაკარგს სახელმწიფო არ აღიარებდა: შემოვიდოდა საწარმოში სველი თხილი და მეწარმე აშრობდა, რის გამოც საკმაო თანხა ეხარჯებოდა, მაგრამ ამ თანხის გამოქვითვის უფლება არ ჰქონდა. არადა, თხილი ჩვენთან ოქტომბერშიც კი არ არის ბოლომდე მშრალი. სახელმწიფო ამას არ აღიარებდა, როგორც დანაკარგს. ეს იყო პრობლემა, რომელიც დამოკლეს მახვილივით ეკიდა ნებისმიერი მწარმოებლის, თუ ექსპორტიორის თავზე. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ ეს საკითხი სასიკეთოდ გადაწყვეტილიყო. დიდი დახმარება გაგვიწია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ბიზნესომბუდსმენმა და მათი ძალისხმევით მოხერხდა ახალი რეგულაციის მიღება. ქალბატონ მაია მიროტაძეს ჰქონდა ამ საკითხზე კვლევა ჩატარებული და სწორედ მის ნაშრომზე დაყრდნობით მიიღო შემოსავლების სამსახურმა ახალი რეგულაცია, რომელიც დიდ შეღავათს მისცემს თხილის მწარმოებლებს.

- რამდენად რეალურია პერსპექტივა, რომ საქართველო მართლა გახდეს მოფლიოში თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა?

- ეს სრულიად რეალური მიზანი და ამოცანაა. მეცნიერების ჩარევით ჩვენ შეგვიძლია თხილის მოსავლის რაოდენობაც გავზარდოთ და ხარისხიც. ამჟამად პირველ ადგილზე თურქეთია, მეორეზე კი იტალია. პერსპექტივა, რომ თხილის წარმოებით იტალიას გავუსწროთ, სავსებით რეალურია. ასე რომ, საქართველოს აქვს რეალური პერსპექტივა მსოფლიოში თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა გახდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე