ირაკლი კოვზანაძე სუვერენული ფონდების კონფერენციაში მონაწილეობს

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე ნიუ-იორკში სუვერენული ფონდების კონფერენციაში მონაწილეობს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძე პოტენციურ პარტნიორებს გააცნობს საპარტნიორო ფონდის მანდატს, ფონდის მიმდინარე, იმპლიმენტაციის ეტაპზე და უკვე დასრულებულ პროექტებს და ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრებს. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ირაკლი კოვზანაძის შეხვედრა რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტის და კერძო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც საუბარი იქნება საპარტნიორო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვისა და ფონდთან ერთად შესაძლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ საქართველოში.

"ეს არის მაღალი დონის შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სუვერენული ფონდების, საპენსიო ფონდების, მრავალმილიარდიანი აქტივების მფლობელები და ადმინისტრატორები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ, სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს ეცნობიან და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო პროექტებს,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სუვერენული ფონდების კონფერენცია ნიუ-იორკში დღეს იმართება. კონფერენციის ფარგლებში უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერები ისაუბრებენ ინსტიტუციონალური ინვესტირების პერსპექტივებზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში და ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებსაც გრძელვადიანი სახელმწიფო ინვესტორები აწყდებიან.