ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ ხორცის სარეალიზაციო ობიექტების ინსპექტირებისას 6 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს სპეციალისტებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. გვირაბში ხორცის სარეალიზაციო ობიექტების არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობები და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. "სურსათის/ ცხოველის საკვების, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის"(68-ე მუხლის მესამე ნაწილის) თანახმად, 6 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ბიზნესოპერატორებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში, მათ სამუშაო პროცესი აღუდგებათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო ობიექტების მონიტორინგს დედაქალაქსა და რეგიონებში ახორციელებს.