წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს ვერ იბარებენ

"მეხორბლეობას წახალისება და მხარდაჭერა სჭირდება"

წელს საქართველოში ხორბლის საუკეთესო მოსავალი მოვიდა. როგორც მეხორბლეები აცხადებენ, საშუალოდ, 140-150 ათასი ტონა ხორბალი მაინც აიღეს, რაც ბევრად აღემატება გასულ წლებში მოწეული მოსავლის რაოდენობას: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან საქართველოში 50 ათასი ტონა ხორბალი მოიწიეს, 2013 წელს - 81 ათასი, ხოლო 2012 წელს - 80 ათასი ტონა.

მიუხედავად კარგი მოსავლისა, ფერმერები აცხადებენ, რომ ხორბლის რეალიზაცია უჭირთ, რადგან წისქვილკომბინატები მათ ხორბალს არ იბარებენ, ამავე დროს, ისინი დაბალ ფასსაც უჩივიან: "წელს ძალიან კარგი მოსავალი გვაქვს, მაგრამ ხორბლის ფასი ძალიან დაბალია: 1 კილოგრამი - 42-45 თეთრი, ზოგჯერ უფრო ნაკლებიც. გასულ წელს ამ დროისათვის ლარიც უფრო მყარი იყო და შესაბამისად, ხორბალს უკეთესი ფასი ჰქონდა. მეხორბლეობას წახალისება და მხარდაჭერა სჭირდება, ყურძენს, ან მანდარინს თუ სჭირდება სუბსიდირება, ხორბალმა რა დააშავა, ეს ხომ სტრატეგიული პროდუქტია? უცხოეთის ბევრ ქვეყანაში ფერმერები სუბსიდიებით სარგებლობენ, ოღონდაც ხორბალი მოიყვანონ, ჩვენ კი, მოსავლის მოწევა ძვირი გვიჯდება, ხორბლის ფასი კი, მიზერულია, რა მოგება უნდა დაგვრჩეს, ან რა ინტერესი უნდა გვქონდეს?" - განაცხადეს ფერმერებმა ჩვენთან საუბრისას.

რატომ ვერ იბარებენ ხორბალს ჩვენი წისქვილკომბინატები? -ეს შეკითხვა bpn.ge-მ მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს - ლევან სილაგავას დაუსვა.

ლევან სილაგავა:

- წელს მართლაც კარგი მოსავალი მოვიდა. წისქვილკომბინატებმაც დაიწყეს ხორბლის მიღება, მაგრამ პროდუქციის ხარისხი საჭირო სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. თუ ხორბალი მესამე, ან მეოთხე კლასს მიეკუთვნება, ესე იგი, ეს სასურსათო ხორბალია, რომლის მიღებაც დაუბრკოლებლად შეგვიძლია. როგორც წესი, მთელ მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ხორბალი მაკარონის, ან სხვა სახის პროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება, პურისთვის კი, მსოფლიო სტანდარტი არის მესამე, ან მეოთხე კლასი, თუმცა ეს დაყოფაც პირობითია: მაგალითად, უკრაინის მეორე კლასის ხორბალი რუსეთის მესამე ხარისხს შეესაბამება. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ სასურსათო ხორბალს ვიბარებთ, არასასურსათო ხორბალი რომ ჩავიბაროთ, ეს ფქვილის და პურის ხარისხზეც იმოქმედებს, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი და სასურველი. ამიტომ ვერ იბარებენ ჩვენი წისქვილკომბინატები ხორბალს დიდი რაოდენობით, თუმცა შედარებით ნაკლები ხარისხის პროდუქციასაც ჰყავს თავისი კლიენტურა.

- ფერმერები ხორბლის ფასის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

-  გასაგებია, რომ მათ სურთ ხორბლის ფასი რაც შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ ფასებს ჩვენ არ ვადგენთ, ამ უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ფასს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასი განსაზღვრავს. მე ვფიქრობ, რომ ხორბლის ფასი დღესდღეობით ნორმალურია: 1 ტონა მეოთხე კლასის ხორბალი 450 ლარი ღირს, ანუ ერთი კილოგრამი - 45 თეთრი, რაც შეეხება მესამე კლასის პროდუქციას, ის 50 თეთრიც კი ღირს. მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური ფასია. ჩვენი გათვლებით, მესამე და მეოთხე კლასის ხორბალი მთლიანი მოსავლის 20-25 პროცენტს შეადგენს, მეტს - არა.

-  შედარებით დაბალი ხარისხის ხორბალს რა ბედი ეწევა?

-  ასეთ პროდუქციას იბარებენ სპირტის ქარხნები, ასევე - მეფრინველეობის ფაბრიკები, რომლებსაც დაბალი ხარისხის ხორბლის ჩაბარება თავისუფლად შეუძლიათ. თუმცა, ასეთი ხორბლის ფასი შესაბამისად, ნაკლებია. ჩვენმა წისქვილკომბინატებმა სადღაც 15 ათას ტონამდე ხორბალი უკვე ჩაიბარეს, თუმცა, ფერმერების ნაწილს ახლავე არ სჭირდება ფული, ისინი ამჯობინებენ ფასის მომატებას დაელოდონ და თავიანთი მოსავალი შესანახად წისქვილკომბინატებში მიიტანონ. ამ სერვისში თვეში 3-4 დოლარის გადახდა უწევთ. (1 ტონა ხორბლის შენახვაში) ფერმერებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ - თუ უნდათ ახლავე გაყიდიან თავიანთ მოსავალს, თუ უნდათ - შეინახავენ და შედარებით კარგ სეზონს დაელოდებიან.

- როგორ შეიძლება ქართული ხორბლის ხარისხის გაუმჯობესება?

- უნდა გითხრათ, რომ ზოგადად ყველა ქვეყანაშია ასეა: მიღებული ხორბლის მხოლოდ 20-40 პროცენტამდეა სასურსათო, ასეა უკრაინასა და რუსეთშიც. არსად ხდება, რომ სასურსათო ხორბალი მოსავლის უმეტეს ნაწილს შეადგენდეს, ზოგადად, ხორბლის მოსავალში არასასურსათო ხორბალი უფრო მეტია, ვიდრე - სასურსათო. თუმცა, ხარისხის ასამაღლებლად ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომელ რაიონში რა ტიპის ნიადაგია და როგორი თესლი უნდა შეიტანონ. სხვათა შორის, ეს მიმართულება დღეს საქართველოში ძალიან გამოცოცხლდა და არაერთი სათესლე მეურნეობა ამუშავდა: მათ შორისაა "ლომთაგორა", სადაც სხვადასხვა სახეობის ისეთი თესლი გამოჰყავთ, რომელიც ქართულ ნიადაგს მიესადაგება.

- დაახლოებით რა რაოდენობის ხორბლის მოსავლის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ წისქვილკომბინატებს?

-  ჩვენ ნებისმიერი რაოდენობის მოსავლის ჩაბარება შეგვიძლია. საქართველოს საშუალოდ 40-50 ათასამდე ტონა ხორბალი სჭირდება, ერთი ამდენი დასაწყობებული უნდა იყოს, რომ საჭირო მარაგი გვქონდეს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ და ავითვისოთ დახლოებით 100-200 ათასი ტონა ხორბალი, ოღონდ ის კარგი და ხარისხიანი უნდა იყოს. ჩვენთვის უკეთესიცაა ადგილობრივი ხორბალი შევისყიდოთ, ვიდრე უცხოეთიდან შემოვიტანოთ - ტრანსპორტირების ხარჯი მაინც მოგვაკლდება. ხორბლის უცხოეთიდან შემოტანა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და რა თქმა უნდა, გვირჩევნია აქვე, საქართველოში შევიძინოთ. ამას არც იმხელა ფინანსური რესურსი სჭირდება და არც - დრო. სულ ცოტა, 2-3 კვირა მაინც ტრანსპორტირებაზე გვეხარჯება. ამიტომ, ჩვენთვის ყველანაირად მომგებიანია ადგილობრივი, ქართული ხორბალი შევისყიდოთ და თუ ქართული ხორბალი კარგი ხარისხისა იქნება, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე