კავკასიური სოჭის თესლს მძიმე დრო უდგას

”წინა წლებთან შედარებით კავკასიური სოჭის ექსპორტი შემცირდა”

კავკასიური სოჭის თესლი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. უკვე წლებია, რაც საქართველოდან სოჭის თესლი ექსპორტზეც გადის, ძირითადად ევროპის ქვეყნებში.

თუმცა, თავის დროზე მომგებიანი ბიზნესი დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. როგორც Bpn.ge-თან საუბრისას გირჩის გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელები ამბობენ, ბოლო წლებში ექსპორტი მკვეთრად შემცირდა.

კავკასიური სოჭის თესლი ექსპორტზე ძირითადად დანიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, უნგრეთში, პოლონეთში, ბელორუსში, ჩეხეთში, ლიხტენშტაინში, ბელგიასა და აშშ-ში გააქვთ. ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყანა ქართული სოჭისთვის დანიაა. სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექსპორტზე გატანილი კავკასიური სოჭის თესლის სტატისიტიკა კი ასეთია: 2009 წელს ექსპორტზე დანიაში 29 ტონა სოჭის თესლი გავიდა; 2010-ში – 38 ტონა, 2011-ში - 56; 2012-ში – 38 ტონა; 2013 -ში - 48 ტონა, 2014-ში – 40 ტონა.

2009 წელს გერმანიაში საქართველოდან 4 ტონა სოჭის თესლი გავიდა, 2012 წელს – 12 ტონა, 2013-ში – 9 ტონა და ამდენივე 2014 წელს. ავსტრიაში 2009 წელს 2 ტონა სოჭის თესლი გაიტანეს, 2011-ში - 1,8 ტონა, 2012-ში – 1 ტონა და ამდენივე 2013 და 2014 წელს. კავკასიური სოჭის თესლი უნგრეთში ექსპორტზე პირველად 2013 წელს გავიდა და ისიც მცირე რაოდენობით - 100 კილოგრამი. ამდენივე გაიტანეს 2014-შიც. ასევე, ძალიან მცირე რაოდენობით გააქვთ აღნიშნული პროდუქტი პოლონეთში, ბელორუსსა და აშშ-ში.

კავკასიური სოჭის თესლის მოპოვება-გადამუშავება ძირითადად ამბროლაურში ხდება. გირჩას ადგილობრივები აგროვებენ. ერთი კილოგრამი გირჩის ფასი 1-დან 1,5 ლარამდე მერყეობს. ერთ გირჩში დაახლოებით 25 თესლია. თოთოეული თესლისგან გაზრდილი ნაძვის ხე ევროპაში საახალწლოდ დაახლოებით 30 ევროდ იყიდება. როგორც ექსპორტიორები ამბობენ, ხშირია შემთხვევები, როცა კერძო პირები დამოუკიდებლად ცდილობენ გირჩის მოპოვებას და შემდეგ ექსპორტზე გატანას. თუმცა, არასწორი გზით მოპოვებული და დამუშავებული გირჩი უხარისხოა და ექსპორტიორი ქვეყანა მის მეორედ მიღებაზე უარს ამბობს.

ექსპორტიორების თქმით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მთავრობამ კავკასიური სოჭის მოსაპოვებლად ლიცენზია დააწესა.

როგორც ამბობენ, გადასახადები საკმაოდ მაღალი იყო - 6 000- 10 000 ლარი. ლიზენცია კი 10 წლის ვადით გაიცემოდა.

შპს ”ჯადვარი აბიერის” დამფუძნებელი ლევან დოლიძე ამბობს, რომ მის კომპანიას ხელშეკრულება გაფორმებული აქვს დანიაში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიასთან და ლიცენზიის საფასურიც სწორედ კონტრაქტორებმა გადაიხადეს: ჯერჯერობით, ლიცენზიას ვადა აქვს და მერე რა იქნება, არ ვიცით. 25 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული დანიელები უკვე გვენდობიან, იციან, რომ უხარისხო თესლს არ მივაწვდით. თუმცა, ზოგი ცდილობს დამოუკიდებლად გავიდეს ბაზარზე. სეზონის დაწყებამდე გირჩს აგროვებენ და აბარებენ. თუმცა, გირჩის დაკრეფა თავის დროზე უნდა მოხდეს, ისე უხარისხოა. ეს კი არ იციან და ამიტომ, იმპორტიორი ქვეყანა შეიძლება ერთხელ შეცდეს, მაგრამ მეორედ მისგან თესლს არ მიიღებს.

- როგორც ვიცი, ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ დანიიდან მოდის, საახალწლოდ ნაძვის ხეები გამოჰყავთ ჩვენებური თესლიდან...

- კი, ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი დანიაა, თუმცა, ბოლო წლებში მოთხოვნა საკმაოდ შემცირდა. აქედან გატანილი თესლით თვითონ გამოჰყავთ ჯიშები და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღესაც თესლი არ დასჭირდეთ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა მოსავალი ნაკლებად ან თითქმის არ მოსულა? ასეთ დროს რას აკეთებთ?

- ასეთ შემთხვევაში ჩვენს გვაქვს სპეციალური სამაცივრე დანადგარები, სადაც სოჭის თესლს ვინახავთ იმ შემთხვევისთვის თუ მომდევნო წელს მოსავალი არ მოვა და შესაბამისად ექსპორტზე გასატანი მარაგი მაინც გვაქვს. წელს ჯერჯერობით კარგი პირი უჩანს მოსავალს და ვნახოთ რა იქნება. ბოლო დროს რუსეთი საკმაოდ დიდ კონკურენციას გვიწევს. რადგან მათი თესლი ყინვაგამძლეა და მასზე მოთხოვნა დიდია. ხშირად ნერგებს ყინვა აფუჭებს.

მაყვალა კუჭავა, შპს ”მანას” დამფუძნებელი:

”გასულ წელს სოჭის გირჩის თესლი ჩვენ ექსპორტზე არ გაგვიტანია, რადგან მოთხოვნა არ იყო. ექსპორტი შემცირდა, რადგან წლების მანძილზე ქვეყნიდან ძალიან დიდი რაოდენობის თესლი გავიდა, მარაგი დაგროვდა და ექსპორტიც შემცირდა. არ ვიცი სტატისტიკურად ეს როგორ გამოისახება, მაგრამ ფაქტია, რომ ექსპორტი შემცირდა. რაც შეეხება რუსეთს, ყოველთვის იყო ჩვენი კონკურენტი, მაგრამ უცხოელები მაინც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სოჭის თესლი საქართველოდან გაეტანათ, რადგან ჩვენი სოჭის ხარისხობრივად გაცილებით უკეთესია”.

სალომე გოგოხია