შრომით ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები

შრომის ბაზარზე ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად პროფესიად ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯერობა მიიჩნევა. სპეციალისტების თქმით, ხშირად შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტები სხვა პროფესიაში საქმდებიან.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ბიზნესის ადმინისტრირებაზე და მენეჯმენტზეა: "ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულება ჯერ კიდევ განვითარების რეჟიმშია, შესაბამისად მოთხოვნაც ამ სფეროში გაზრდილია. ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შრომით ბაზარზე სწორედ ეს პროფესიები ლიდერობდნენ. ვფიქრობ, საინფორმაციო კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით მოთხოვნა განსაკუთრებით მოიმატებს და ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება. ეს მიმართულება ფართო სპექტრია და სავარაუდოდ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამის გარდა, არსებობს სამომსახურებო სპეციალობები, როგორიცაა: მემანქანე, გზის დამგები, პროექტირების სპეციალისტი, მშენებელი. ეს ის მიმართულებებია, რომელზეც რეალურად მოთხოვნა გაზრდილია. ვვარაუდობ, რომ გარკვეული პროფესიები უფრო წინ წამოვა, მაგრამ არა უმაღლესში შესათავაზებელი პროფესიები, არამედ შემდგომ დასაშენებელი ვიწრო სპეციალობები.

საქართველოსა და ევროპის შრომის ბაზრის ტენდენციები ერთმანეთს რომ  შევადაროთ, განსხვავებულ სიტუაციას მივიღებთ. საქართველოსგან განსხვავებით ევროპის ქვეყნებში უფრო მეტად ვიწრო სპეციალობებზეა მოთხოვნა, ახალგაზრდები ძალიან კონკრეტული მიმართულებების სპეციალობებს ირჩევენ. თუმცა ევროპაში პატარა ორგანიზაციაც დაქირავებულების რაოდენობით ჩვენთან მსხვილი ბიზნესის დაქირავებულების რაოდენობას უდრის. ამიტომ ევროპის ქვეყნებში იმის ფუფუნება არსებობს, რომ უფრო ვიწრო სპეციალობების ადამიანები ეძებონ. საქართველოში კი მიუხედავად საჭიროებისა, ყველა საქმეს რამდენიმე ადამიანი აკეთებს.

დღეს საქართველოში მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე გაიზარდა, რომლებიც სპეციალობის სახით ჯერ არ არსებობს და ამას ჯერ არავინ არსად არ ასწავლის, მაგალითად, დროის მართვის სპეციალისტი, მეორე - კრეატივის მენეჯერი, რომლის სპეციალისტებსაც არსად არ ამზადებენ. თუმცა, ეს ორივე პროფესია შრომით ბაზარზე მოთხოვნადია. გარკვეული დროის შემდეგ დამქირავებლები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ გარკვეული სპეციალობები არსებობს, რომელზეც მოთხოვნა კიდევ უნდა გაიზარდოს, რომელიც ასევე უმაღლესში სპეციალობების მოთხოვნის კუთხითაც იმოქმედებს.

ახალგაზრდები როდესაც არჩევანს აკეთებენ, ხშირად არ იციან, რა უნდათ, ამიტომ გადაწყვეტილებებს, ერთი მხრივ, ზოგადი სტერეოტიპების მიხედვით, მეორე მხრივ კი, ოჯახის წევრების რჩევის მიხედვით იღებენ. ახლა ბევრად უფრო პრაგმატული თაობა მოდის, ამიტომ ტენდენცია მაინც იქითკენ მიდის, რომ ისინი ცდილობენ ის ფესვები იპოვონ, რომელზეც ბევრად უფრო კარგად მოერგებიან. აბსოლუტურად ყველა სპეციალისტს შეიძლება გარანტირებული დასაქმების შანსი ჰქონდეს, თუ ის ძალიან კარგად ისწავლის და სწავლის პერიოდშივე პრაქტიკულ ცოდნას მიიღებს",  - განაცხადა გამზარდიამ.

როგორც განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ "რეზონანსს" უთხრა, შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა:

"შეიძლება შრომით ბაზარზე მაღალ ანაზღაურებად პროფესიებზე, როგორიცაა საბანკო საქმე და იურიდიული სფერო, მოთხოვნა არ იყოს, მაგრამ აბიტურიენტები მაინც იქ აბარებდნენ, რადგან შეიძლება დასაქმების მცირე შანსი ჰქონდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმდა, მაღალი ანაზღაურება ექნება. ორი სახის პროფესია არსებობს - ერთი, რომელიც ადვილად დასაქმებადია, მაგრამ საშუალო ხელფასი გექნება, მეორე დასაქმების შანსი დაბალია, მაგრამ დასაქმების შემთხვევაში მაღალი ანაზღაურება გექნება. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ხშირად შრომის ბაზრისა და უმაღლესის მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ბევრისთვის უმაღლესი არის იმისათვის, რომ ახალი გამოცდილება შეიძინონ და მერე უკვე არა სპეციალობით საქმდებიან. ვინც სოციალურ-ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ამთავრებს, შემდეგ შეიძლება სუპერმარკეტში მუშაობდეს. ამიტომ შრომითი ბაზრისა და უმაღლესის მოთხოვნა პირდაპირ კავშირში ხშირად არ არის. უმაღლესში ჩაბარებისას და პროფესიის არჩევისას, სადაც უფრო მეტი შანსი აქვთ, იქ აბარებენ. ამიტომ ხშირად პროფესიას ამ მიზეზითაც ირჩევენ",- განაცხადა ჯანაშიამ.

ლიკა ამირაშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"