კონკურენციის სააგენტოს ჩხრეკისა და მიყურადების უფლება ექნება?

მას შემდეგ, რაც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, 2015 წლის 14 ივლისის #81 ბრძანება გამოაქვეყნა, რომელიც საავტომობილო საწვავის ბაზარზე სამართალდარღვევის, კერძოდ კარტელური გარიგების ფაქტებს ეხება, სააგენტომ არაერთი პოზიტიური გამოხმაურება მიიღო უცხოელი კოლეგებისგან. სააგენტომ ბაზრის 5 ძირითადი მოთამაშე, მათ შორის "სოკარი", "ვისოლი", ლუკოილი, "რომპეტროლი" და "გალფი"  საკმაოდ სოლიდური თანხით, ხოლო ბაზრის წვრილი მოთამაშეები 200-200 ლარით დააჯარიმა.

კარტელური გარიგების რა კონკრეტული სქემა გაშიფრა კონკურენციის სააგენტომ, არის თუ არა ის მზად სასამართლო პროცესისთვის, ასევე ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგად, რა საკანონმდებლო ხარვეზები გამოიკვეთა – ამ და სხვა საკითხებზე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ბარაბაძე ექსკლუზიურად გაზეთ "ვერსიას" ესაუბრა.

"2008-2014 წლებში, ეკონომიკური აგენტების მიერ, შესაბამის სასაქონლო ბაზარზე, დადგენილი იყო ფასთწარმოქმნის არასწორი პრაქტიკა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეგრეთ წოდებული "ერთი ფასის პრინციპი" დაწესდა, რომლის შედეგად, სასაქონლო ბაზარზე გამოცხადებული საცალო ფასის შედარება დანახარჯებთან, ნებისმიერ მიუკერძოებელ პირს უქმნის ლოგიკურ წარმოდგენას, რომ ბათუმი-თბილისის ან ფოთი-თბილისის მონაკვეთებზე, ფასფაქტორების გონივრული ასპექტით კალკულირების შედეგად მიღებული ფასი, არსებული ფასთწარმოქმნის პრაქტიკას ანგრევს. სხვა ფაქტორებთან ერთად, სწორედ ეს რეალობა უკავშირდება სასაქონლო ბაზარზე 2009-2012 წლებში შექმნილ გარემოებას, რომელიც ხასიათდება კონკურენციის ცალსახა შეზღუდვით. ამ წლებში, ეკონომიკურ აგენტთა მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის გარდა, სხვა მეწარმეებს არ ჰქონდათ საქონლის იმპორტისა და საბითუმო გაყიდვების შესაძლებლობა, რის შედეგადაც, სასაქონლო ბაზრიდან ასეულობით მოქმედი ეკონომიკური აგენტი გავიდა, მათი ფიზიკური კაპიტალი და საქმიანობის შედეგები (ბრუნვის მოცულობა), ბაზარზე დარჩენილმა სუბიექტებმა გადაინაწილეს", - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ "ვერსიასთან" საუბრისას.

ნავთობკომპანიები სასამართლოში აპირებენ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. კითხვაზე, მზად არის თუ არა სააგენტო სასამართლო პროცესისთვის, გიორგი ბარაბაძემ "ვერსიას" განუცხადა: "საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ეთანხმება. ამ პრინციპზეა დაფუძნებული "კონკურენციის შესახებ" კანონიც, ამიტომ კომპანიების კანონიერი უფლებაა, მიმართონ სასამართლოს. თავისთავად ცხადია, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა ნავთობპროდუქტების ბაზარი, ასეთ გადაწყვეტილებას ვიღებდით, ყველა ნიუანსი და დეტალი გავითვალისწინეთ. მეტსაც გეტყვით, რიგ გარემოებებზე, რასაც ჩვენი კვლევა დაეფუძნა, უცხოური სასამართლო პრაქტიკის გამოცდილებაც შევისწავლეთ, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებები და ქეისები მიიღეს ასეთ შემთხვევებში. თუ დავა სასამართლოში გადაინაცვლებს, თავისი არსით, ეს ადმინისტრაციული სამართალწარმოება იქნება. დავინტერესდი და უზენაესი სასამართლოს არქივში გადავამოწმე, რა რაოდენობის მოცულობითი ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე არსებობდა ზოგადად საქართველოში და გავარკვიე, რომ არქივში მხოლოდ 10 ტომი ფიქსირდება. არადა, ჩვენი კვლევა, ჯამში, 50 ტომია და შეიძლება ითქვას, ქართულ სამართლებრივ რეალობაში, თავისი მოცულობით, ეს უპრეცედენტო იქნება. თუ დავა სასამართლოში გადაინაცვლებს, ჩვენს პოზიციებსაც დავიცავთ".

- ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგად, რა საკანონმდებლო ხარვეზები გამოიკვეთა და აპირებთ თუ არა ცვლილებების მომზადებას "კონკურენციის შესახებ" კანონში?

-  ნებისმიერი კანონის ავკარგიანობას პრაქტიკა ცხადყოფს და შესაბამისად, უკვე მოვამზადეთ ცვლილებები კანონის გარკვეულ ნორმებში. მაგალითად, გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობით, არსებობს პრაქტიკა, რომ სააგენტოს ჩხრეკის უფლება აქვს. იმის გამო, რომ პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვების საშუალება არ გვქონდა, კვლევის პროცესში, ირიბი მტკიცებულებების გზით წავედით, რაც ურთულესი იყო. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით, თუ ეჭვი გვაქვს, რომ რომელიმე კომპანია შეთანხმებაში მონაწილეობს, ჯერ კომპანიას უნდა მივმართოთ, რათა გარკვეული ელექტრონული მიმოწერა გადმოგვცეს და ცხადია, უარს გვეტყვის. ამის შემდეგ სასამართლოს უნდა მივმართოთ, რათა ნებართვა ავიღოთ და მტკიცებულება მოვიპოვოთ. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, ხოლო კომპანიას საშუალება აქვს, მტკიცებულება გაანადგუროს ანუ ელექტრონული მიმოწერა წაშალოს. ამიტომ თუ სააგენტოს ფუნქცია გაიზრდება, ეს ჩვენი საქმიანობის ეფექტიანობასაც ხელს შეუწყობს. ცვლილებების პაკეტი მომზადებული გვაქვს, მაგრამ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ როგორც ადგილობრივ, ასე უცხოელ ექსპერტებთან.

წყარო: გაზეთი "ვერსია"