მარკ ცუკერბერგი მალე მამა გახდება

"ფეისბუქის" შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი მალე მამა გახდება. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის დამაარსებელმა და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანმა ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარი გვერდით გაავრცელეს.

"პრისცილას და მე გასაოცარი ახალი ამბავი გვაქვს. ველოდებით გოგონას", - დაწერა ცუკერბერგმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დრომდე მის მეუღლეს სამჯერ მოეშალა მუცელი, თუმცა, ახლა ამის რისკი საკმაოდ დაბალია.

"ფეისბუქის" შემქმნელების თქმით, ის და მისი მეუღლე მზად არიან მსგავსი პრობლემების მქონე წყვილებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. "ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი გამოცდილება სხვა ადამიანებს იმედს მისცემს და დაეხმარება იმაში, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ ამ თემებზე საუბრისას. წყვილების უმრავლესობა არ საუბრობს მუცლის მოშლის შესახებ", - დაწერა მარკ ცუკერბერგმა.

წყვილს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ როდის ელოდებიან შვილს.