ქართული ღვინოები მსოფლიოს 13 საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოს შორის დასახელდა

ქართული ღვინოები - კომპანია „თბილღვინოს“ ქვევრის ღვინო და რამაზ ნიკოლაძის „ცოლიკაური“ ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა მსოფლიოში 13 საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოს შორის დაასახელა.

ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე კომპანია „თბილღვინოს“ ქვევრის ღვინო დასახელდა. როგორც Independent წერს, M&S ბაზარზე საშუალოფასიანი ქართული ღვინით შევიდა, რომელიც 9 ფუნტი ღირს M&S-ის ონლაინ მაღაზიაში. თუმცა, ამ ეტაპისთვის M&S-ის ონლაინ მაღაზიაში „თბილღვინოს“ ქვევრის ღვინო გაყიდვაში აღარ არის მარაგის ამოწურვის გამო. რაც შეეხება რამაზ ნიკოლაძის „ცოლიკაურს“, Independent-ის თანახმად მისი შეძენა 21 ფუნტად არის შესაძლებელი.

რეიტინგის შედგენისას ღვინოების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო როგორც ღვინის ხარისხი, ასევე მისი საუკეთესო ფასი. რეიტინგის დანარჩენ ადგილებს იტალიური, ესპანური, ავსტრიული და ავსტრალიური ღვინოები იკავებს, მათ შორის Cos Pithos Bianco, Serragghia Bianco Zibibbo, Foradori Fontanasanta Nosiola, Ageno La Stoppa და Dinavolino Bianco.

ნარინჯისფერმა ღვინომ სახელწოდება ფერის და არა - შემადგენლობის გამო მიიღო.