სარფის საბაჟოზე თურქებმა რეკორდული რაოდენობის კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს

"თურქი სამართალდამცავების მიერ საქართველოს საზღვარზე დაკავებული კონტრაბანდული სიგარეტი ქართული მხარის მიერ დეკლარირებული იყო"

თურქეთის სამართალდამცავებმა საქართველოს საზღვარზე 3,5 მილიონი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს. თურქული სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, თურქეთის შემოსავლებისა და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ეს ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში კონტრაბანდის რეკორდული მაჩვენებელია. გავრცელებული ცნობებით, 5 ტრაილერს სარფის საბაჟოზე 22 მილიონი თურქული ლირის, ანუ 7,9 მილიონი დოლარის სიგარეტი გადაჰქონდა.

როგორც თურქულ უწყებაში აცხადებენ, ოპერაცია სამი თვის განმავლობაში მზადდებოდა და მასში საბაჟოს გარდა უშიშროების სამსახურიც მონაწილეობდა. სამართალდამცავებმა 15 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ხუთი საბაჟო სამსახურის თანამშრომელია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ეჭვმიტანილები.

მომხდართან დაკავშირებით bpn საქართველოს შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდება. როგორც საქართველოს შემოსავლების პრესსამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, თურქი სამართალდამცავების მიერ საქართველოს საზღვარზე დაკავებული კონტრაბანდული სიგარეტი ქართული მხარის მიერ დეკლარირებული იყო. „პროდუქცია საქართველოს საბაჟოზე აღნუსხეს, ოთხი ტრაილერი რეექსპორტზე გადიოდა, ხოლო ერთი - ექსპორტზე. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით დააკავა ეს პროდუქცია თურქულმა მხარემ,“ - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ბელა ნოზაძე