შრომის პირობების მონიტორინგის შედეგად სახელმწიფო და კერძო უწყებებში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა

შრომის პირობების მონიტორინგის შედეგად სახელმწიფო და კერძო უწყებებში სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ელზა ჯგერენაიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც შრომის მონიტორებიც დაესწრნენ.

როგორც ელზა ჯგერენაიამ განაცხადა, შრომის პირობების მონიტორინგი უკვე 30-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო კომპანიაში განხორციელდა.  მისივე თქმით, მონიტორინგს ახორციელებს სპეციალურად გადამზადებული 25 მონიტორი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში დასაქმდნენ. რეზერვშია კიდევ 25 მონიტორი, რომლებიც უწყებაში უახლოეს მომავალში დასაქმდებიან.

როგორც ჯგერენაიამ აღნიშნა, შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოს შექმნაში. შრომის ინსპექცია ახდენს პრევენციას სამუშაო ადგილზე მიღებული დაზიანებებისგან და შემდგომ უკვე საკომპენსაციო ხარჯებისგან. მისივე თქმით, დამსაქმებლების ჩართვა პროგრამაში ნებაყოფლობითია, უკვე არსებობს რამდენიმე სახელმწიფო და კერძო კომპანიაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები. როგორც ელზა ჯგერენაიამ აღნიშნა, დარღვევები სხვადასხვა სახის იყო, თუმცა ყველაზე ხშირი დარღვევები რაც გამოვლინდა, ესენია: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის არქონა, სამუშაო გარემო პირობების მოთხოვნებთან შეუსაბამობა და ის, რომ კომპანიებში არ ხდებოდა დოკუმენტაციის წარმოება დარღვევების შესახებ.

მისივე ინფორმაციით, გაცემულ იქნა რეკომენდაციები დამსაქმებლებისთვის და ისინი ეტაპობრივად მოახდენენ დარღვევების აღმოფხვრას. ჯგერენაიას განცხადებით, წლის ბოლომდე 150-ზე მეტი კომპანია შემოწმდება. "1 იანვრიდან შრომის მონიტორები შეუდგებიან სავალდებულო კუთხით ერთი მიმართულებით - იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლოატაციის აღმოფხვრისა და მისი პრევენციის მიზნით შრომითი პირობების შემოწმებას, რომელიც არ იქნება ნებაყოფლობითი. ეს კანონპროექტი იქნა შემუშავებული ერთი თვის წინ, დამტკიცებული და ძალაშიც შესულია", - განაცხადა ელზა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება იმ სახელმწიფო და კერძო კომპანიებს, სადაც შრომის პირობების მონიტორინგი უკვე განხორციელდა, მათგან 24 სახელმწიფო კომპანიაა, ხოლო 6 კერძო კომპანია. სახელმწიფო კომპანიებიდანაა სასწრაფოს ცენტრი ვაჟას ძეგლთან, გლდანის პარკი, კოჯრის საექიმო ამბულატორია, "თბილსერვისის" ჯგუფი, შპს "დასტაქარი", შპს "ჰერმესი", "ვარდების ბაღი" პლეხანოვზე, შპს "ავტოპარკინგი" მეტრო ახმეტელთან, წყნეთის საექიმო ამბულატორია, თბილისის მერიის ავტოპარკები და ა.შ.  რაც შეეხება კერძო კომპანიებს, სადაც უკვე შრომის პირობების მონიტორინგი განხორციელდა, ესენია: "გუდვილი", "ბაგრატიონი-1882", შპს "კავკაზპარკი", რომელიც მოიცავს ორ შპს-ს, "შემოიხედე გენაცვალე" და შპს "მარშე".