მსოფლიოში ყავის დეფიციტია მოსალოდნელი

გვალვები, წყალდიდობები, ეპიდემიები და გლობალური დათბობის პროცესი დილის საყვარელი სასმელის - ყავის რესურსებს გაქრობით ემუქრება. "როდესაც ჩვენ დილით ლატეს ან ესპრესოს მივირთმევთ და გაზეთს ვკითხულობთ, გლობალური კლიმატური ცვლილებების პროცესი და საფრთხე ჩვენგან შორს გვეჩვენება. თუმცა, თუ რამდენიმე ათას კილომეტრს გავივლით და ვნახავთ იმ ადგილს, სადაც ყავის ხეები იზრდება, ვნახავთ რომ ვითარება განსხვავებულია", - წერს "ბიბისის" კორესპონდენტი.

"როდესაც ჩვენ ბავშვები ვიყავით, ნაკლებად წვიმდა, ახლა კი ხეები რთულად მრავლდებიან. ფოთლები და ნაყოფი ტენიანობის გამო ცვივა", - ამბობს ერთ-ერთი მექსიკელი ფერმერი, რომელიც ყავის პლანტაციებში მუშაობს. იმ ადგილებში, სადაც კლიმატი შედარებით რბილი და სტაბილური იყო, ახლა განსხვავებული ვითარებაა. ამასთან, გახშირებული ქარიშხლებისა და მეწყერების გამო ყავის მოსავალი ნადგურდება.

უხვი ნალექის გარდა, ყავის მოსავალს მსოფლიოს სხვა რეგიონებში პრობლემას გვალვებიც უქმნის. ასე მაგალითად, უგანდის მთებში ყავის მოსავალი მშრალი და ცხელი ამინდების გამო განადგურდა. ტანზანიაში კი მკვლევარების მონაცემებით, მაშინ როდესაც ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჰექტარზე მაქსიმუმ 500 კილოგრამი ყავა მოჰყავდათ, ახლა ეს მონაცემი 300-მდეა შემცირებული.  ექპერტების თქმით, მიმდინარე კლიმატური ცვლილებები შესაძლოა, ერთ დღეს ყავის მაღაზიებზეც აისახოს. დღესდღეობით, მსოფლიოში ყოველ დღე ორ მილიონ ფინჯან ყავას მოიხმარენ. ზოგი ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა, ყავის სხვა სასმელით ჩანაცვლება მოგვიხდეს. ეს დააზარალებს როგორც ყავის მოყვარულებს, ასევე ფერმერებს. ამასთან ექსპერტების ნაწილის პროგნოზით, 2050 წლისათვის ყავაზე ფასი მეოთხედით მოიმატებს.