ჩინელ ინვესტორებს ქუთაისში ჩინური საავტომობილო ქარხნის გახსნა სურთ

ჩინელი ინვესტორები ქუთაისში ჩინური საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის სურვილს გამოთქვამენ.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მხარეებმა ერთობლივი ქართულ-ჩინური ბიზნესპროექტების შესახებ იმსჯელეს.

"ჩინური მხარე ქუთაისის ყოფილი ავტოქარხნით დაინტერესდა და მის ტერიტორიაზე ჩინეთის საავტომობილო ქარხნის წარმომადგენლობის გახსნის იდეა გამოთქვა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხევაში, ქუთაისის ავტოქარხანაში ავტომობილების აწყობა და მათთვის საჭირო დეტალების დამზადება მოხდება, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ბაზრისთვის იქნება იმპორტირებული", - წერს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი.

საგანელიძის თქმით, ჩინეთის წარმომადგენლები ამ ეტაპზე საქართველოს და მთელი რეგიონის ბაზარს სწავლობენ.