"ზღვაში წვეთი" - ინოვაციური პროექტი გადასაყრელად გამზადებული პურისთვის

ინოვაციური პროექტი, სახელწოდებით "ზღვაში წვეთი" ყოფილ პატიმარს კობა გიგაშვილს ეკუთვნის.

ავტორმა მისი განხორციელება საცხოვრებელ კორპუსებში ე.წ პურის ყუთების განთავსებით დაიწყო. მომავალში კი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის განსხვავებული პროდუქციის შეთავაზებას გეგმავს - კერძოდ, გადასაყრელად გამზადებული პურის რეალიზაციას, რომელიც მესაქონლეობით დაკავებული მოსახლეობისათვის იქნება გათვლილი.

ინიციატივის ავტორმა დაახლოებით ერთი წლის წინ გადაწყვიტა გლდანისა და მუხიანის საცხოვრებელ კორპუსებში განეთავსებინა ყუთები, რომელშიც ნებისმიერ მსურველს გადასაყრელი პურის დატოვება შეუძლია. პურს ნაგვის ურნების ნაცვლად მოსახლეობა უკვე სპეციალურ ყუთებში ყრის, რასაც შემდეგ მესაქონლეობით დაკავებული ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს.

"პური იმ ფორმით, რა ფორმითაც ქალაქში იყრება, არის ძალიან ცუდი სანახავი, გარემოსაც აბინძურებს. იდეა საპატიმროში გამიჩნდა. შემდეგ კი მისი ფორმირება მოვახდინე. ამ ეტაპზე 50 ყუთი გვაქვს გლდანსა და მუხიანში. ეს რაიონი თავდაპირველად იმიტომ ავარჩიეთ, რომ მოსახლეობა მეცხოველეობით ძირითადად ამ ტერიტორიაზეა დაკავებული", - აღნიშნა კობა გიგაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად არ იცოდა, რამდენად გაამართლებდა ინიციატივა. თუმცა, დღეს ხედავს, რომ პროექტი წარმატებული გამოდგა. საქმიანობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, გიგაშვილს დამფინანსებელი გამოუჩნდა - კერძო პირმა 100 ყუთით დააფინანსა. ყოფილი პრობაციონერი ამბობს, რომ ახალ ყუთებს დიღმის მასივში განათავსებს.

რადგან ე.წ პურის ყუთების მიმართ დაინტერესება გაჩნდა და გადასაყრელად გამზადებული პურის მომხმარებელიც არის, კობა გიგაშვილმა სოციალური საწარმოს გაფართოვება გადაწყვიტა. კერძოდ, მომავალში ე.წ მეორადი პურის რეალიზაციას გეგმავს.

"ერთი კილოგრამი ხმელი პურის მინიმალური ფასი არის 60 თეთრი. ეს იქნება მომგებიანი პროექტი. სოციალური საწარმოს ფარგლებში მოხდება პურის შეგროვება, მისი გამოშრობა და გადარჩევა. შემდეგ განხორციელდება მისი რეალიზაცია მესაქონლეობაში. ეს იქნება განსხვავებული პროდუქცია, რომელსაც სოფლის მეურნეობას ვთავაზობ", - ამბობს კობა გიგაშვილი.

"ზღვაში წვეთის" ავტორი საკუთარ სოციალურ საწარმოში პრობაციონერების დასაქმებას აპირებს, რითიც გარკვეულწილად, მათ რეაბილიტაციასაც შეუწყობს ხელს და უბიძგებს, ცხოვრება სხვა კუთხით წარმართონ, როგორც თავის დროზე თავად კობა გიგაშვილი მოიქცა.

ამ ეტაპზე კობა გიგაშვილი კორპუსების სადარბაზოებში განთავსებულ პურის ყუთებს თავადვე ასუფთავებს და ამ პროექტით ჯერჯერობით არანაირ ფინანსურ სარგებელს არ იღებს. კობა გიგაშვილს საქველმოქმედო საქმიანობაში რამდენიმე მოხალისე ეხმარება.

თამთა ჯიჯავაძე