მარკირება - კიდევ ერთი ბარიერი ბიზნესისთვის?

"როდესაც საკუთარ ინდუსტრიას ასე ექცევი, რომელი ჭკუათმყოფელი ჩამოვა აქ ინვესტიციების ჩასადებად?!"

კანონპროექტზე, რომელიც უალკოჰოლო სასმელების მარკირებას ითვალისწინებს, მთავრობა უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. აღნიშნული ბრძანების თანახმად, სავალდებულო მარკირებას უნდა დაექვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყალი. ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარული კომპანია "სიქფას" შვილობილი კომპანია ახორციელებს, რომელმაც სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის თანახმად, გაწეული მომსახურებისთვის შესაბამისი საფასური უნდა მიიღოს. საქონლის სავალდებულო ნიშანდება ანუ მარკირება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო, თუმცა საკითხი რამდენჯერმე გადაიდო და ახლა ბოლო ვადად 1 ნოემბერი სახელდება. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ ბიზნესის წარმომადგენლები: "ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია... ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს", - ნათქვამია წერილში, რომელიც მეწარმეებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისწერეს. ბიზნესის ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო მარკირება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

მოსალოდნელ მარკირებას მწვავედ აკრიტიკებს კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი - ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელმაც bpn-თან საუბრისას აღნიშნა:

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - საქართველოს, როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერ ქვეყანას, ვალდებულება აქვს აღებული, რომ ჩვენი კანონმდებლობა ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირის ქვეყნებში კი, მსგავსი პრაქტიკა არ მეგულება, სამაგიეროდ, მარკირება მოქმედებს ჩვენს მეზობელ სომხეთში, ბელორუსში, მაროკოში, ბრაზილიაში და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის დონის ქვეყანა ავაშენოთ, უპირველესად ევროპის ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. ამბობენ, რომ ქვეყანაში აღურიცხავი საქონლის პრობლემა დგას და ამ პრობლემის მოგვარება წინასწარი მონაცემებით, 5 მილიონი ლარი დაგვიჯდება, ეს თანხა მარკირებაში ან ჩვენ უნდა გადავიხადოთ, ან სახელმწიფომ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ გადაიხდის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს ტვირთიც ბიზნესს დააწვება. დავუშვათ, სახელმწიფომ გადაიხადოს, მაშინ ეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და ეროვნული ვალუტისთვის იქნება ტვირთი, რაც ასევე არ არის მოსაწონი. მოგეხსენებათ, ლარის გაუფასურებამ ბიზნესი ყველაზე მეტად დააზარალა. თანაც, ეს არაადეკვატურად დიდი თანხაა. ძალაუნებურად მიჩნდება კითხვა - თუ ქვეყანაში ამ რაოდენობის აღურიცხავი საქონელი ბრუნავდა, მაშინ ბოლო სამი წლის განმავლობაში სად იყო ეს ხალხი?! ძირითადად, აქ საუბარია წვრილ მეწარმეებზე და იაფფასიან პროდუქციაზე, რომლის ხარისხიც სურსათის უვნებლობის სამსახურის ჩარევით უნდა შემოწმდეს და არა ელექტრონული მარკირებით. ლიმონათის მცირე საწარმოები შემთხვევითი შერჩევით უნდა შეამოწმონ, თორემ ჩვენ 100 %-ით გამჭვირვალე საქმიანობა გვაქვს. ასეთია ჩვენი არგუმენტები.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უარყოფითად აფასებს 5 მილიონი ლარის უცხოური კომპანიისთვის გადახდასაც:

- ჩემი აზრით, ეს უმიზნოდ დახარჯული ფული იქნება, რაც შეეხება "სიქფას", ეს არის ბიზნესი და როგორც ჩვენ, ისიც ცდილობს რაღაც მოგება მიიღოს. თუ სახელმწიფო ამის საშუალებას მისცემს, რატომაც არა? "სიქფას" მიმართ მე პრეტენზიები არა მაქვს, მე პრეტენზიები მაქვს იმ არაჯანსაღი მიდგომის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის მიმართ ჩამოყალიბდა: მსხვილი კომპანიაა, ფული აქვთ, ყველაფერს იხდიან და ბარემ ამასაც გადაიხდიან.  ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩვენთვის არ დგას, შესაბამისად უფრო მეტს წაგვართმევენ, მაგრამ ამ ყველაფერს სხვებიც ხომ უყურებენ? - საკუთარ ინდუსტრიას რომ ასე მოექცევი, რომელი ჭკუათმყოფელი ჩამოვა აქ ინვესტიციების ჩასადებად? ეს არ არის ჯანმრთელი პროცესი და ჩვენ მას ვეწინააღმდგებით. მარკირებისთვის გაღებული თანხა იქნება აბსოლუტურად ზედმეტი ხარჯი ინდუსტრიისთვის და სახელმწიფო ბიუჯეტისთვისაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ არის გადაწყვეტილი ვინ გადაიხდის ამ თანხას. პირობა იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გადაეხადა, ოღონდ ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა, რადგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ჩვენსა და სახელმწიფოს შორის არ არსებობს. რეალურად, "სიქფასა" და სახელმწიფოს შორის არის გაფორმებული ხელშეკრულება და არა - "სიქფასა" და ჩვენს შორის. ეს ხელშეკრულება ისე გაფორმდა, თითქოს ჩვენ საერთოდ არ ვარსებობდით. ჩვენთთვის არავის არაფერი უკითხავს. სხვათა შორის, ფინანსთა მინისტრიც აღიარებს, რომ ეს კაბალური ხელშეკრულებაა და მისი გადახედვა შეიძლება.

ბატონი ნიკოლოზის თქმით, თუ ამ თანხას სახელმწიფო არ გადაიხდის, მაშინ ინდუსტრიიდან წელიწადში 5 მილიონი ლარი უნდა ამოიღონ:

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: თუ ეს ფული ჩვენ უნდა გადაგვახდევინონ, მაშინ მის დასაფარავად მინიმუმ 25 მილიონი ლარის პროდუქცია უნდა გავყიდოთ. ეს იმ პირობებში, როდესაც ლარის კურსის დევალვაციას აქვს ადგილი და როცა ხალხის მსყიდველობითუნარიანობა დაბალია. ეს ხომ ერთიანად შეჭამს ჩვენს მარჟებს? ან, მე რატომ უნდა გადავიხადო, როცა ადმინისტრირება სახელმწიფოს ფუნქციაა? ბოლოს კი ვიტყვი, რომ ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა: პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მინისტრების ნებისმიერი განცხადება ბიზნესის შესახებ, ქრესტომათიულია, მაგრამ პრაქტიკაში სულ სხვა რამ ხდება. მთავარი ოფიციალური განცხადებები კი არ არის, მთავარია, როგორ ექცევა ბიზნესს სახელმწიფო.

უალკოჰოლო სასმელების მარკირება ჩვენს ბიზნესს მხოლოდ ზიანს მოუტანს - აცხადებენ კომპანია "ნაბეღლავის" წარმომადგენლებიც:

ვიკტორია ჟიჟკო - კომპანია "ნაბეღლავის" პიარსამსახურის უფროსი: მე მგონი, გასაგებია, თუ რა ზიანს მოუტანს ბიზნესს ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა. სწორედ ამიტომ, ყველა კომპანია, რომელიც ამ დარგში საქმიანობს, მარკირების წინააღმდეგია. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ეს არგუმენტები ფინანსთა მინისტრისთვის გაგვეცნო, მაგრამ ნოდარ ხადურმა უარი თქვა შეხვედრაზე და ბიზნესის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. ფინანასთა სამინისტროს არანაირი არგუმენტი არა აქვს, თუ რისთვის არის საჭირო ამ ეტაპზე უალკოჰოლო სასმელების მარკირება, ამიტომ, ჩვენ პრემიერთან ვითხოვთ შეხვედრას, რომ ჩვენი არგუმენტები გავაცნოთ და ეს ბრძანება გაუქმდეს.

რაც შეეხება სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს, თუ მარკირებისთვის საჭირო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, მას ეს წელიწადში 5 მილიონი ლარი დაუჯდება. იმის გათვალისწინებით, რომ "ქამრების შემოჭერაზეა" საუბარი, 5 მილიონის გადახდა უცხოური კომპანიისთვის რაღაც გაუგებარ რეგულაციაში გამართლებულ გადაწყვეტილებად არ მიგვაჩნია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ აღრიცხვიანობის მოწესრიგება ჩვენ არ გვეხება: ჩვენთან 1 მილილიტრი პროდუქციაც კი ვერ ჩამოისხმება ისე, რომ არ გაკონტროლდეს. ჯერ წყლის გადასახადი გაგვიზარდეს, ახლა ამას მარკირების ხარჯებიც დაემატება, მერე კიდევ სხვა რამ... დაგვერწმუნეთ, ეს ხარჯები ყველაზე უფრო მსხვილ, წელგამართულ ბიზნესსაც კი ურტყამს".

განსაკუთრებით მწვავედ აფასებენ უალკოჰოლო სასმელების მარკირებას მცირე კომპანიების წარმომადგენლები. შპს "ლაღიძის"დირექტორმა ორნიკე ლაღიძემ შექმნილი სიტუაცია რამდენიმე წინადადებით შეაფასა.

თორნიკე ლაღიძე: "თუ უალკოჰოლო სასმელების მარკირება დიდი ბიზნესისთვის არ არის მისაღები, მაშინ რაღა უნდა თქვან შედარებით მცირე ფირმებმა?! ეს იქნება ზედმეტი ხარჯი ნებისმიერი კომპანიისთვის, მით უმეტეს, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ბიზნესის სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს".

ხათუნა ჩიგოგიძე