ჩეხეთი მზად არის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში ინვესტიცია გაზარდოს

ჩეხეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მეორე ეტაპის დაფინანსებაში.

ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩეხმა ბიზნესმენებმა წარმატებული ინვესტიციები განახორციელეს ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობის პირველ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეორე ეტაპზეც წარმატებული გამოდგება“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.