ჰიბრიდებს - შეღავათი, მარჯვენასაჭიანებს - შეზღუდვა

საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე, შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები დაწესდეს. კანონპროექტი უკვე მზადაა და თუკი დეპუტატები ამ ინიციატივას გაითვალისწინებენ, შეღავათი 2016 წლიდან ამოქმედდება. პარალელურად კი, უმსხვილესი ავტოიმპორტიორები მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე სპეციალური რეგულაციების დაწესებას ითხოვენ.

როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებასა და საცობების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება და სპეციალისტები უკვე რამდენიმე თვეა მსჯელობენ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება დღემდე ვერ მოხერხდა. ყველა თანხმდება, რომ დედაქალაქში გადაადგილების პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუმცა კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოიმპორტიორი კომპანიის, "კავკასიის ბიზნეს ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი სურგულაძის თქმით, პრობლემას ნაწილობრივ ახალ სტანდარტებზე გადასვლა და მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება მოაგვარებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში "ევრო 4"-ის სტანდარტი შემოვიდეს. აზერბაიჯანმა ეს სტანდარტი შემოიღო და საქართველოც უნდა მოერგოს იმ ბაზარს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა იაპონიიდან მარჯვნასაჭიანი ავტომანქანების შემოყვანა. ეს მიმართულება უკვე პირველ ადგილზეა და რამდენჯერმე აღემატება დანარჩენი ქვეყნების იმპორტს. ეს იაფიანი სეგმენტია. ამის გამო, 2-3 წელიწადში მანქანების უმრავლესობა საქართველოში მარჯვენასაჭიანი იქნება, რაც არანორმალურია. სახელმწიფომ ესეც უნდა დაარეგულიროს, გარკვეული რეგულაციაა მისაღები. ასეთი ავტომობილების აკრძალვის ინიციატივა არსებობდა, თუმცა, როგორც ვიცი, შეჩერდა, ალბათ, სოციალური ფონის გათვალისწინების გამო", - განაცხადა "კომერსანტთან" საუბრისას გიორგი სურგულაძემ.

გარდა მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შეზღუდვისა, უკვე რამდენიმე თვეა, სპეციალისტები აქტიურად განიხილავენ და ხელისუფლებასაც მოუწოდებენ ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების იმპორტის წახალისებისკენ.

ამის თაობაზე "თავისუფალმა დემოკრატებმა"  საკანონმდებლო ინიციატივაც მოამზადეს, რაც ჰიბრიდული ძრავას მქონე მსუბუქი ავტომობილების აქციზისა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. "ასეთი მანქანების პოპულარიზაცია შეამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ნავთობპროდუქტების იმპორტზე და ხელს შეუწყობს სავაჭრო ბალანსის გამოსწორებას", - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2013-2015 წლების პერიოდის მონაცემების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, შესაძლოა, ამ ინიციატივით შემცირდეს დაახლოებით 901 ათასი ლარით, მათ შორის აქციზის გადასახადის სახით - 806 ათასი ლარით, ხოლო იმპორტის გადასახადის სახით - 95 ათასი ლარით.

ეს კი ბიუჯეტისთვის უმნიშვნელო თანხაა. თუკი პარლამენტი ამ პროექტს კანონად აქცევს, საგადასახადო შეღავათი 2016 წლიდან ამოქმედდება. ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების იმპორტზე შეღავათების დაწესებას სპეციალისტები დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ეკოლოგიისა და ეკონომიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტზე შეზღუდვას, მათი აზრით, აკრძალვა არ უნდა მოხდეს, მაგრამ აუცილებელია, ასეთ ავტომობილებზე სპეციალური რეგულაციები დაწესდეს.

ევროკავშირის ტრასეკას პროექტის რეგიონალური კონსულტატი გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის წახალისება დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. "არა მხოლოდ ჰიბრიდულის, არამედ ყველა ახალი სისტემით მომუშავე ავტომანქანის იმპორტი უნდა წახალისდეს. ეს ეკოლოგიისა და ეკონომიის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ საქართველომაც იმპორტზე გარკვეული სტანდარტი დააწესოს, ისევე როგორც მეზობელმა აზერბაიჯანმა. ჩვენთან მოუწესრიგებელ სატრანსპორტო მოძრაობას ძველი ავტომობილები ემატება, რაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის. ახლა ქვეყანაში 1,1 მლნ მანქანაა, 4 წლის წინათ იყო 600 ათასი მანქანა. 90%-ზე მეტი არის 10 წელზე დიდი ასაკის. მათი აღრიცხვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ჩვენ თუ ნაბიჯი არ გადავდგით და რამე მინიმალური სტანდარტი არ დავაწესეთ, პრობლემა არ მოგვარდება", - განაცხადა კვაშილავამ.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიანების იმპორტის აკრძალვას, კვაშილავას თქმით, შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, მაგრამ უნდა მოხდეს გარკვეული გადასახადის დაწესება. "ყველა ქვეყანა ირჩევს მარჯვენა ან მარცხენა მხარის მოძრაობას. როდესაც ორივე გაქვს, მაშინ ავარიების რისკი იზრდება. თანაც, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იფრასტრუქტურა მარცხენა მოძრაობაზეა მოწესრიგებული. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ავირჩიოთ ერთი ტიპი, ერთი მხარე უნდა გავხადოთ პრიორიტეტული, ეს საერთაშორისო სტანდარტია და ჩვენც ამ სტანდარტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. როდესაც ავირჩევთ ერთ მხარეს, მეორეს გარკვეული გადასახადი უნდა დავუწესოთ. სხვანაირად პრობლემა ვერ მოგვარდება", - დასძინა კვაშილავამ.

ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის წახალისებას ემხრობა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძეც. რაც შეეხება მარჯვენასაჭიანების იმპორტის აკრძალვას, მისი თქმით, ეს არ უნდა მოხდეს. "მარჯვენასაჭიანების შეზღუდვას არ ვემხრობი. იაპონური ავტომობილები ქართული რეალობისთვის უფრო მისაღებია იმიტომ, რომ გაცილებით კარგ მდგომარეობაშია და ამერიკულსა და ევროპულთან შედარებით იაფად ვყიდულობთ. მისი მინუსია ის, რომ საცობებს ქმნის. მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში კარგი იქნება, თუ საჭის გადატანა აიკრძალება, ეს უფრო საშიშია. დარჩეს ავტომობილი ისეთი, როგორიც არის და უსაფრთხოების თვალსაზრისით კუსტარულად მისი გადაკეთება არ მოხდეს," - დასძინა მელაძემ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"