საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში, სამუშაო სადილზე, საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ მსხვილი ბიზნეს და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საქართველოს მხრიდან ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ინტერესის დაფიქსირება და ამერიკელი ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო გარემოს აღწერა იყო.  საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და იმ ხელსაყრელ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დღეს საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით არსებობს.  კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოში არსებული ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა იმ ხელსაყრელი პირობების შესახებ, რომლებიც მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის ქართულ ბაზარს - დაბალი ტარიფები და ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ქართული პროდუქციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტზე გატანის პერსპექტივაზე გამახვილდა.