სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ კვებით მომსახურებაზე 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2013-2014 წლებში ჩატარებულ ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანიამ გაიმარჯვა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი. დასკვნის მიხედვით, აუდიტის პერიოდში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით სულ 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს GMM გამოვლინდა.

"მათ შორის, 2013 წელს ჩატარებულ SPA130003076 ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ოთხმა პრეტენდენტმა - შპს G.M.M.-მა, შპს გეო ინვესტმა, შპს "თელა 2012"-მა და შპს KL Group-მა. შპს "თელა 2012"-მა წარმოადგინა სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადება 1,408.9 ათას ლარზე (სავარაუდო ღირებულება 1,912.2 ათასი ლარი). ხოლო მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადება შპს G.M.M-მა წარმოადგინა – 1,620.0 ათასი ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ტენდერის მსგავსად, სატენდერო დოკუმენტაციის დასაზუსტებლად შპს "თელა 2012"-ს განესაზღვრა მინიმალური ვადა. დაზუსტებული ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობის გამო შპს "თელა 2012" დისკვალიფიცირებული იქნა და გამარჯვებულად გამოცხადდა მომდევნო დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე შპს "G.M.M.". შედეგად, ხელშეკრულება გაფორმდა 211.1 ათასი ლარით მეტი ღირებულების მომსახურებაზე. ამასთან, ადგილი ჰქონდა ასევე შემთხვევებს, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციაში ბოლო შესწორებები შესულია წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს სირთულეს უქმნის შესაბამისი სატენდერო წინადადების მომზადებისთვის", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

მათივე განმარტებით, აუდიტის პერიოდში კვებითი მომსახურების შესყიდვაზე ჩატარებული ყველა ტენდერის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით პრეტენდენტებისათვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ითვალისწინებდა პრეტენდენტი კომპანიის დამფუძნებლის ან მენეჯმენტის მინიმუმ 2-წლიან ინფორმაციას კვების მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ. "წარმოდგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები კი არ შეესაბამება კვების ტექნოლოგიაში გამოცდილებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მაგრამ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რადგან დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები კვების მომსახურე კომპანიის შერჩევასთან დაკავშირებით იყო შეუსაბამო და არასათანადო", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.