ყველი - ქართული სამეურნეო კულტურის ერთ-ერთი მარგალიტი

10 -11 ოქტომბერს ყველის ფესტივალი გაიმართება, სახელწოდებით ,,კავკასიური ყველი 2015.“ ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქპატენტი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ანა მიქაძის თქმით, საქართველოში ყველის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ყველის ნაირსახეობით განსაკუთრებით მესხეთი და ჯავახეთი გამოირჩევა.

საქართველოში, ე.წ. ხაჭო-ყველს ყველის სახეობებს არ მიაკუთვნებდნენ, რაც არასწორი მიდგომა იყო. მთელს მსოფლიოში, სადაც არსებობს რბილი ყველის წარმოების კულტურა, მსგავსი ნაწარმი განსაკუთრებით მაღალი ფასით გამოირჩევა, მისი გემოვნური თვისებებიდან და სარგებლობიდან გამომდინარე. ,,უნდა აღვნიშნოთ, რომ საზღვარგარეთ ქართული ყველის პოპულარიზაციისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქპატენტის მხრიდან ბევრი რამ კეთდება. ყველის წარმოება ჩვეულებრივი ბიზნესია და ის აუცილებლად განვითარდება, მაგრამ ხელშეწყობა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ყველი ქართული სამეურნეო კულტურის ერთ-ერთი მარგალიტია,“- ამბობს ანა მიქაძე.

საქართველოში ყველი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ყველასთვის ცნობილია, რომ რძის პროდუქტი ქართული სამზარეულოსთვის წამყვან როლს ასრულებს. ანა მიქაძის თქმით, ქართული მოსახლეობა ჯერ კიდევ არ არის შესაბამისად ინფორმირებული. "ყველის ნაირსახეობების საზოგადოებამდე მიტანას და გაცნობას სჭირდება აგრესიული სარეკლამო პოლიტიკა. უნდა აღვნიშნო, რომ ყველის რეგისტრირება აუცილებელია. ადგილმდებარეობის მითითება ამ პროდუქტის წარმატებული რეალიზაციისთვის გადამწყვეტია,“-აღნიშნა ანა მიქაძემ.

სულგუნი, გუდის, იმერული, ე.წ. ქარხნის ყველი - გგონიათ, მხოლოდ ამ ოთხი სახეობის ყველის ქვეყანაა საქართველო? ცდებით! საქართველოში რამდენიმე ათეული სახეობის ყველი არსებობს და ყოველწლიურად მრავლდება სახეობები.

როგორია ქართული ყველის ეთნოგრაფია და რა სახეობები აქვს მას; საქართველოს რომელი რეგიონია ყველის საბადო; რას მოიცავს ქართული ყველის რუკა და რას მოიცავს კატალოგი "ამბავი ყველზე", რომელიც მალე უნდა გამოიცეს - ამ ყველაფერზე "პალიტრა TV"-ის გადაცემაში "შუადღის ამბები" ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ისაუბრა.