თევზის ბაზარი მკაცრად გაკონტროლდება

თევზისა და თევზპროდუქტების რეალიზაცია მკაცრად გაკონტროლდება. მთავრობამ უკვე შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე გავრცელდება. გაზეთი "რეზონანსის" ინფორმაციით, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თევზის რეალიზაციის მხრივ სერიოზული პრობლემებია და ახალი რეგულაციის შემოღება აქამდეც აუცილებელი იყო.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ახალი მექანიზმი ევროკავშირის მოთხოვნით ამოქმედდება და მომხმარებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცვლილებები "ვეტერინარულ კონტოლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #430 დადგენილებაში შევიდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა სოხაძის ინფორმაციით ნებისმიერ ფაქტზე მოახდენენ რეაგირებას. კანონდამრღვევ ბიზნესოპერატორებს საჯარიმო სანქციები დაუწესდებათ.

"რეგულაცია ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილ თევზპროდუქტებზე ვრცელდება. რაც შეეხება თევზსაშენებს, მათზე ცალკე პირობები გვაქვს. კონტროლის გამკაცრება მავნე პროდუქტისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით გადაწყდა. კანონის შესაბამისად, განხორციელდება ჩვეულებრივი კონტროლი, რომელიც დღესდღეობით სურსათის რამდენიმე სფეროშია. რაც შეეხება სანქციებს, ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი თევზპროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის გამო ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მავნე პროდუქტი განადგურებას დაექვემდებარება. ახალი რეგულაცია სრული სასურსათო ჯაჭვის კონტროლს მოიცავს - პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე", - განმარტავს კახა სოხაძე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ თევზპროდუქტების უვნებლობის მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა და ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ახალი წესები დიდ გავლენას მოახდენს ესქპორტზეც, რამდენადაც იგი ჩვენი პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. "დანამდვილებით მიჭირს თქმა, მაგრამ ბიზნესოპერატორთა ძალიან დიდი ნაწილი თევზის შენახვა-რეალიზაციის პირობებს ვერ იცავს. ამიტომ კონტროლის გამკაცრება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მომხმარებელი მავნე პროდუქტისგან დავიცვათ. როგორც ცნობილია, რეგულაციების შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გახდა აუცილებელი. სხვა შემთხვევაში ჩვენი პროდუქტი ევროპულ ბაზარზე ვერ გავა. მაგალითად, დიდია მოთხოვნა კალმახსა და რამდენიმე დასახელების სხვა თევზზეც, მაგრამ ექსპორტის განსახორციელებლად წარმოებისა და რეალიზაციის ყველა პროცედურა უნდა კონტროლდებოდეს. ქვეყანამ უნდა შეძლოს მომხმარებლის დაცვა შიდა ბაზარზეც, რასაც რეგლამენტი გულისხმობს. მეწარმეებისგან ხშირად მსმენია, რომ რეგულაციების გამო წარმოებაში შეზღუდვა აქვთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ ქცევის განსაზღვრული წესი, რომლითაც იხელმძღვანელებენ" ,- აცხადებს ეთერ სარჯველაძე.

სურსათის ექსპერტი საუბრობს თევზპროდუქტების შენახვის ელემენტარულ წესზეც, რისი ცოდნაც მომხმარებლისთვის აუცილებელია. "ყველა სახის თვზს აქვს შენახვის განსაკუთრებული პირობები. ახალი თევზი ინახება გაცივებულ მდგომარეობაში არაუმეტეს 0 გრადუს ტემპერატურაზე, შენახვის ხანგრძლივობა 12-16 საათს არ უნდა აღმატებოდეს. ასეთი თევზი 24 საათის შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყიდებოდეს", - ამბობს სარჯველაძე.

სხვა ვითარებაა გაყინულ თევზთან დაკაშვირებით. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, პროდუქტი რა მეთოდით არის გაყინული და ეს პროცესი რამდენად სრულფასოვნად მიმდინარეობს. "გაყინული თევზი არ უნდა იყოს დრეკადი. გასათვალისწინებელია ასევე მაცივრის ტემპერატურული რეჟიმი, რომ ჩართვა-გამოთრვა სისტემატურად არ ხდებოდეს. ვფიქრობ, მაღალი კლასის სუპერმარკეტებში ეს პირობები დაცულია, მაგრამ წარმოდგენაც არ მინდა, რა პირობებში შეიძლება ინახებოდეს თევზი სავაჭრო ობიექტების უმეტეს ნაწილში, განსაკუთრებით გარევაჭრობის შემთხვევაში. ყიდვისას ყურადღება უნდა მიექცეს თევზის ლაყუჩების ფერს. სასურველია, იყოს ღია ვარდისფერი. თუკი მოშავო ფერი გადაჰკრავს - საშიშია. უნდა ვიცოდეთ, რომ ლაყუჩები არის მიკრობების ბუდე, ამიტომ გამოუშიგნავი თევზის ყიდვას უნდა მოვერიდოთ", -  განმარტავს ეთერ სარჯველაძე "რეზონანსთან" საუბრისას.

გარდა იმისა, რომ პრობლემაა სამომხმარებლო ბაზარზე, უკეთესი მდგომარეობა არც თევზსაშენებში იგრძნობა

. როგორც ქართველი ექსპერტები ამტკიცებენ, იქ სურსათის უვნებლობის კუთხით უკონტროლო და სავალალო მდგომარეობაა. მათი თქმით, დარღვეულია მეურნეობებს შორის განთავსების პირობები: მაგალითად, ერთ მდინარეზე რამდენიმე თევზსაშენია. საკმაოდ გავრცელებულია დაავადებები, შესაბამისად, თუ ერთგან დაფიქსირდა, ავტომატურად სხვებსაც გადაედება. მეურნეობებს შორის არ არის დაცული სავალდებულო დისტანცია - 5-7 კმ, არ არიან აღჭურვილნი ფილტრაციის სისტემებით, არ კონტროლდება სანიტარიული პირობები. ამასთან, ადგილობრივ თევზსაშენებში ჭარბად იყენებენ ანტიბიოტიკებს, რაც შეზღუდულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"