დაუსრულებელი მშენებლობები - "ამ გადმოსახედიდან მათი დასრულების პერსპექტივა ვერ წარმომიდგენია"

"პროექტს როცა იწყებ უძრავი ქონების სფეროში, აუცილებლად უნდა იყოს შეკრული დაფინანსების ისეთი სტრუქტურა, რომელიც იძლევა გაყიდვებზე მინიმალურ დამოკიდებულებას" - ამის შესახებ m²-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ "პალიტრა-TV"-ის გადაცემა "ბიზნეს PRESS-ში" სტუმრობისას განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მართო დეველოპერული ბიზნესი.

"საკითხი, როგორ უნდა მართო წარმატებული კომპანია, საკმაოდ რთულია. ამაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ გაკვეთილებიდან რაც გვასწავლა ცხოვრებამ და იმ შეცდომებიდან, რაც დავუშვით, დიდი გამოცდილება მივიღეთ. პროექტს როცა იწყებ უძრავი ქონების სფეროში, აუცილებლად უნდა იყოს შეკრული დაფინანსების ისეთი სტრუქტურა, რომელიც იძლევა გაყიდვებზე მინიმალურ დამოკიდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მოთხოვნაზე რადიკალური ვარდნა, კომპანიას უნდა ჰქონდეს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები. როგორც წესი, მომხმარებელს ძალიან უჭირს მშენებარე ობიექტის ყიდვა, ვინაიდან საკუთარ თავზე უწევს დასრულების რისკის აღება, დასრულებული ბინის გაყიდვა კი ძალიან მარტივია. ჩვენ როდესაც ვიწყებთ პროექტს, ყოველთვის ვცდილობთ გაყიდვებზე მინიმალური დამოკიდებულება გვქონდეს, გვაქვს საკუთარი კაპიტალი და უცხოეთიდან მოზიდული საკრედიტო რესურსი. იმისათვის რომ, იმ შემთხვევაში თუ გაყიდვები შემცირდა, პროექტის დასრულებას არ შეექმნას რისკი. ეს არის პირველი პრინციპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა დეველოპერმა, რაშიც სხვა დეველოპერებმა გარკვეული შეცდომები დაუშვეს. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ხარისხის მონიტორინგი და მომხმარებელთა მოლოდინების მართვა. კომპანიამ მომხმარებელს უნდა მისცეს პროდუქტი, რასაც ელის. ამას კი სჭირდება პროფესიონალების გუნდი, რომელიც ამ პროცესს გაუძღვება", - განაცხადა ბურდილაძემ "ბიზნეს PRESS-ში" სტუმრობისას.

m²-ის გენერალურმა დირექტორმა კომენტარი ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებზეც გააკეთა. მისი თქმით, ამ გადმოსახედიდან მათი დასრულების პერსპექტივა ვერ წარმოუდგენია. "დაუსრულებელი მშენებლობები ჩვენი ქალაქისთვის საკმაოდ მძიმე თემაა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ანალიზით, უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ ბინების ძირითადი ნაწილი გაყიდულია, ამ გადმოსახედიდან მათი დასრულების პერსპექტივა ვერ წარმომიდგენია", - განმარტა ბურდილაძემ.