საქართველოში კომპანია "ჰენკელი" საწარმოს ხსნის

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა კომპანიამ "ჰენკელი" საწარმოს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. "ძალიან სასიხარულოა, რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა ჰენკელი, შემოდის საქართველოში და ჩვენს რეგიონში პირველად. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მე მქონდა დავოსში იანვარში და სწორედ ეს შეხვედრა გახდა გადამწყვეტი. მისასალმებელია, რომ გერმანული დისციპლინა და ხარისხი შემოდის საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ეს იქნება "ჰენკელის" პირველი საწარმო საქართველოში და იგი ფუნქციონირებას 2016 წლიდან დაიწყებს. წარმოებული პროდუქცია, წებოვანი სამშენებლო მასალები გაიყიდება როგორც ადგილზე, ასევე მოხდება ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.  ქიმიურ სექტორში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "ჰენკელი"დაფუძნდა გერმანიაში. მსოფლიო მასშტაბით, "ჰენკელი" ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისმა გაყიდვებმა 2014 წელს 16.4 მილიარდი ევრო შეადგინა. საწარმოში, მშენებლობის პროცესში და ამუშავების შემდეგაც, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.