მომგებიანია თუ არა სილამაზის სალონის ბიზნესი საქართველოში

ბოლო წლებია, თბილისში სილამაზის სალონები სოკოებივით მომრავლდა. არის ქუჩები, სადაც სილამაზის სალონები თითქმის მთელ მწკრივზე, ჩაყოლებით არის განთავსებული.

თბილისში იპოვით ყველა ტიპის სილამაზის სალონს, როგორც ელიტურს, ისე საშუალო დონის სალონებს, რომლებიც ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია.

bpn.ge დაინტერესდა, მომგებიანია თუ არა სილამაზის სალონები და რა საწყისი კაპიტალია საჭირო სილამაზის სალონის გასახსნელად. როგორც bpn.ge- ს სილამაზის სალონების ქსელი ”ნატალის” მენეჯერმა განუცხადა, დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ სილამაზის სალონები მომგებიანია: "დღევანდელ დღეს ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რამდენად მომგებიანია ეს ბიზნესი, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა განსხვავებულია. პარიკმახერს, რომელსაც გაზრდი, კლიენტს მოუძებნი, მერე წავა და სალონს გახსნის და მას შეუძლია, რომ ბუღალტერის, ჩეკის აპარატის, და ყოველგვარი გადასახადების გარეშე იმუშავოს. ჩვენ კი ვიხდით გადასახადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სილამაზის სალონი ქსელურია და თავიდანვე ვცდილობდით ყველაფერი ისე შეგვესრულებინა, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი. ვისაც აქვს პატარა სალონი, მათ არ აქვთ ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე. ეს ხომ არასწორია?! მასაც ხომ აქვს სალონი, რომელიც მუშაობს? ძალიან რთულია მომგებიან ბიზნესზე ისაუბრო, როცა ლარი დღითიდღე უფასურდება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას აქვს სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში. სესხი აქვს ჩვენს კომპანიასაც, რომელსაც დოლარში ვიხდით, ასევე დოლარში ვიხდით ქირის გადასახადს. იმ ფონზე, როცა მომსახურებას ვერ ვაძვირებთ კლიენტის დაკარგვის შიშით, როგორც სხვა ყველა კომპანიამ და ბიზნესმა, ჩვენც მნიშვნელოვანი ზარალი ვნახეთ”,  - განუცხადა bpn-ს "ნატალის" მენეჯერმა.

მისივე განცხადებით, სილამაზის სალონის გახსნამდე ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, ამიტომ რთულია წინასწარ თანხების განსაზღვრა.

”აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორი სილამაზის სალონის გახსნას აპირებთ, ძალიან ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, რომ გითხრათ 50 000 დოლარი საკმარისი იქნება-მეთქი მოგატყუებთ, მაგრამ კონკრეტულად რა თანხაა საჭირო, ვერ გეტყვით.  ცალკე საკითხია სილამაზის სალონის ავეჯი. აუცილებელია, რომ სალონში იდგეს სპეციალურად თმის შეჭრისთვის მოსახერხებელი ავეჯი.  შედგომ ეტაპს მოიცავს კოსმეტიკური პროდუქცია, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. სილამაზის სალონებში ფრჩხილზე და თმის შეჭრა-დავარცხნაზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. თუმცა არანაკლებ მოთხოვნადია ლაზერული და ბიო ეპილაცია", - განაცხადა "ნატალის" მენეჯერმა.

თიკო გურაშვილი