საქართველოს ბაზარზე "რაფაელოს" დეფიციტია

ტკბილეულის პოპულარული სახეობა "რაფაელო" საქართველოს ბაზარზე დეფიციტურია.

როგორც ქსელურ მარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, თვეზე მეტია, რაც "ფერერო როშეს" მიერ წარმოებული აღნიშნული პროდუქტი გაყიდვაში აღარ აქვთ, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს. რეალიზატორებისთვის "რაფაელოს" დეფიციტის ოფიციალური მიზეზი უცნობია. მათივე თქმით, "ფერერო როშეს" სხვა პროდუქცია დისტრიბუტორ კომპანიას ჩვეულ რეჟიმში შემოაქვს.

"ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ პრობლემა აღმოიფხვრება, რადგან "რაფაელო" ხალხისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პროდუქცია. შესაბამისად, მისი დეფიციტი ჩვენს გაყიდვებზეც ახდენს გავლენას", - აცხადებენ სავაჭრო დაწესებულებების წარმომადგენლები.

საქართველოში "ფერერო როშეს" პროდუქცია "ალიანს საქართველოს" შემოაქვს. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას, თუმცა "ალიანს საქართველოში" არ დაგვიკონკრეტეს, რის გამო შეიქმნა დეფიციტი "ფერერო როშეს" პროდუქციაზე.  კომპანიაში სამი დღის წინ დაგვპირდნენ, რომ კითხვები გაგვეგზავნა და გვიპასუხებდნენ, თუმცა ჩვენს კითხვებზე ამ დრომდე არ უპასუხიათ. "ალიანს საქართველოში" მხოლოდ ის განაცხადეს, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება და "რაფაელოს" პროდუქტი საქართველოში შემოსატანად უკვე გზაშია.

ლექსო ნაბახტეველი