ხალხს მცირე ბიზნესის წამოწყების სურვილი გაუქრა

მცირე ბიზნესის განვითარების აუცილებლობა ყველას კარგად ესმის. მისი უმთავრესი მიზანი ხალხის დასაქმებაა. ამ სფეროში საქმიანობენ ინდმეწარმეები, სხვადასხვა ფიზიკური პირები და ხალხსაც შემოსავლის წყარო უჩნდება. მიუხედავად ტოტალური უმუშევრობისა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ნელი ტემპით ვითარდება. მის ამგვარ განვითარებას საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ემატება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მცირე ბიზნესის წამოწყებას ბევრი ვერ რისკავს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ უშინდებიან და მცირე წარმოებას ავითარებენ. ”დღეს მცირე წარმოების დაწყება ძალიან დიდ ფინანსურ რისკთანაა დაკავშირებული. შეიძლება ძალიან კარგი და მაღალ დონეზე მოფიქრებული გეგმა გქონდეს, მაგრამ გარემო პირობებიდან გამომდინარე, მისი განხორციელება შეუძლებელი იყოს. ვაპირებდი პატარა კაფე გამეხსნა რუსთაველზე, თუმცა ფინანსები რომ დავაჯამე, მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო ჩემი მხრიდან. მარტო იჯარის ფულის გამო უნდა მემუშავებინა კაფე, რადგან დოლარში არსებული გადასახადის დაფარვა დღეს ძალიან რთულია”, - ამბობს თამაზ გაჩეჩილაძე.

ქვეყანაში უმეტესწილად იზრდება იმ მცირე საწარმოების წილი, რომლებშიც უცხოური კაპიტალი მონაწილეობს. სხვა შემთხვევაში მცირე მეწარმეები თავს იკავებენ ბიზნესის დაწყებისაგან. საქართველოში არასაკმარისადაა განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოების მდგომარეობის შესახებ სატატისტიკური, ეკონომიკური და სოციოლოგიური ინფორმაციის სისტემაც.  გამოკითხული ადამიანების უმეტესობა დღესდღეობით ბიზნესის დაწყებას ვერ რისკავს. მიზეზი არასტაბილური გარემოა. ”დღეს ნამდვილად ვერ გავრისკავდი დამეწყო ბიზნესი, თუნდაც მცირე. პატარა და დიდ ბიზნესს ერთნაირი ყურადღება სჭირდება. მარტო ნამდვილად ვერ გავრისკავდი ამ საქმის წამოწყებას, რომ არა ჩემი ებრაელი პარტნიორი, რომელიც მეხმარება ფინანსურად და სხვა ძნელად მოსაგვარებელი საქმეების გადაწყვეტისას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ჩვენი პატარა საქმიანობა ნამდვილად არ უჩივის კლიენტების დეფიციტს, ყველას ვურჩევდი, ვისაც უცხოელ ბიზნესპარტნიორთან შეუძლია კონტაქტი, შანსი ხელიდან არ გაუშვას და საქმე მასთან ერთად აკეთოს. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნაკლებია რისკის ფაქტორი”, - ამბობს მცირე მეწარმე ვახტანგ სხირტლაძე.

წარმოების გამართვა მის სრულფასოვნად დაგეგმვასა და რეალიზებაში მდგომარეობს, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც დამფინანსებლებია

. მათი მოძებნა დამწყებ ბიზნესმენებს საკუთარი სახსრებით უწევთ. მეწარმეები ”რეზონანსთან” ბიზნესის დაბეგვრის ფორმებზეც ჩივიან.  ”ვფიქრობ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის დამცავი კანონი არ არსებობს. თუ ვცდები, გამცეს ამაზე ვინმემ პასუხი. ევროპის ქვეყნების კანონმდებლობას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ყველას აქვს მიღებული კანონი მცირე მეწარმეთა მხარდასაჭერად. ევროპაში ვართო გაიძახიან, არა და, ერთი ნაბიჯიც კი არ გვაქვს გადადგმილი, არ შეიძლება ერთი და იმავე პროცენტული მაჩვენებლით იბეგრებოდეს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი”, - ამბობს ლევან ნადარეიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს, ამ მხრივ მცირე წარმოების დაწყებას მაინც ვერ რისკავენ დამწყები მეწარმეები. მათ, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესში ჩადებული თანხის ამოღების იმედი არ აქვთ. უაზრო რისკი კი დაღუპვის ტოლფასად მიაჩნიათ.  ”მინდა, ღორების ფერმა ავაშენო, თუმცა საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მყიფეა ბიზნეს გარემოსთვის. ლარის კურსის გამალებული ტემპით დაცემამ გადამაფიქრებინა წამოწყებული საქმიანობის ბოლომდე მიყვანა. რა დასამალია და ძალიან მეშინია გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის, რადგან პირადად ჩემთვის, ეს შეიძლება დაღუპვის ტოლფასი აღმოჩნდეს. როგორც საინფორმაციო წყაროებიდან გავიგე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენიმე თვეში შეიცვლება. დიდი იმედი მაქვს, ვინმე ნორმალურს აირჩევენ - ვინც შეძლებს ამ გაუსაძლისი მდგომარეობის დასტაბილურებას. შემდეგ კი აუცილებლად განვახორციელებ ჩემს პირად ბიზნეს გეგმას”, - ამბობს მერაბ დარბაიძე.

მათ, ვინც უახლოეს მომავალში ბიზნესის დაწყებას აპირებს, სპეციალისტები დაკვირვებისკენ მოუწოდებენ. ისინი თვლიან, რომ ფინანსური ნიადაგი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არც ისე მყარია და ნებისმიერი რთული სიტუაციისთვის მზად უნდა იყვნენ. ”რეზონანსთან ” საუბრისას ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ, მომავალ მცირე მეწარმეებს რჩევით მიმართა. ”მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყება სოციალური ფენების გაუმჯობესების მთავარი იარაღია. დღეს ვინც ბიზნესის წამოწყებას აპირებს, პირველ რიგში, ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. დღეს ალბათობა იმისა, რომ ახალი საქმე შედგეს, არის მცირე, განსაკუთრებით, რეგიონებში. ნებიმიერ წამოწყებულ საქმეს სჭირდება დაკვირვება და გათვლა.  მცირე ბიზნესის გასამართად აუცილებელია ბანკების თანადგომა, მაგრამ დოლარის გამყარების შემდეგ, კრედიტის დაფარვაც უჭირს ხალხს. სახელმწიფოს როლს რაც შეეხება, ამ მხრივ მხარდაჭერა არ იგრძნობა. მოკლედ, დღეს ვინც ბიზნესს დაიწყებს, ეს იგივეა, თაგვმა ბედნიერება სათაგურში ეძებოს”, - განაცხადა ”რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ.

ექსპერტების მოსაზრებას იზიარებს მეწარმეთა დიდი ნაწილი. მათ მიჩნიათ, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ბიზნესის დაწყება ძალიან სარისკოა და სამომავლოდ ის შეიძლება მთელი რიგი ფინანსური პრობლემების მიზეზი გახდეს როგორც მცირე ბიზნესში დასაქმებულთათვის, ასევე დამსაქმებლებისთვის. ნამდვილად რისკიანი ადამიანი უნდა იყო დღეს, რომ ბიზნესი დაიწყო. მარტო შენი თავი კი არ გაბარია ამ დროს. არსებობს თანამშრომლების მიმართ ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, რომლის შეუსრულებლობაც დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს როგორც მათ, ასევე დამსაქმებელსაც. "ვაპირებდი მცირე ბიზნესის დაწყებას, საცხობი მინდოდა გამეკეთებინა, პატარა კაფესთან ერთად, თუმცა ამ გეგმის განხორციელება სამომავლოდ გადავდე. არ მინდა ჩემმა გაუთვლელმა ნაბიჯმა მეც დამაზარალოს, ჩემი ოჯახის წევრებიც და პარტნიორებიც, რომლებიც ფინანსურად ჩემზე არიან დამოკიდებულნი”, - აღნიშნა ”რეზონანსთან” საუბრისას გივი ლომაიამ.

ნათია ლომიძე

წყარო: გაზეთი „რეზონანსი“