ადგილობრივი კომპანიები შრომის უსაფრთხოების პირობებს არღვევენ

ახალი მონაცემებით, შრომისა და უსაფრთხოების ინსპექტორებმა უკვე ასამდე კერძო თუ საჯარო ორგანიზაცია შეამოწმეს. წლის ბოლომდე კი ამ რიცხვის გაზრდას 150-მდე გეგმავენ.

მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები სხვადასხვა სახისაა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ელზა ჯგერენაია BPN-თან საუბარში აღნიშნავს, დარღვევები ძირითადად უკავშირდება შრომის უსაფრთხო პირობებს, როგორიც არის მტვერი, ხმაური, მიკროკლიმატი, პროფესიული დაავადების რისკები, პერსონალის დაცვის აღჭურვილობის არქონა ისეთ დიდ საწარმოებში, სადაც 200-ზე მეტი დასაქმებულია, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არასრულფასოვანი, გაუმართავი მუშაობა. დასაქმებულებს არ უტარდებათ შრომის უსაფრთხოების შესახებ ინსტრუქტაჟი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ ორგანიზაციას არ ჰყავს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. ეს არის დარღვევების, ის მცირე ჩამონათვალი, რაც დაფიქსირდა ინსპექტირების დროს. უცნობია, კერძოდ რომელ კომპანიებში გამოვლინდა აღნიშნული პრობლემები, რადგან დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და გასაჯაროებას არ ექვემდებარება.

ელზა ჯგერენაიას თქმით, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე ინსპექციას არ გააჩნია სანქცირების უფლება, მონიტორინგი მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება.  ჯგერენაია აღნიშნავს, რომ დამსაქმებელთა მხრიდან რეკომენდაციებზე რეაგირება უმეტეს შემთხვევაში ხდება და ორგანიზაციები ცდილობენ აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორებასა და კორექტირებას.

"პროგრამა პილოტურია, პრევენციის მიზნით ხორციელდება და ემსახურება დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებას, შრომის უსაფრთხოების კუთხით მათი უფლებების დაცვას. სანქციები და შესაბამისი ჯარიმები განსაზღვრულია იმ კანონპროექტში, რომელზეც ამ ეტაპზე დეპარტამენტი, სოციალურ პარტნიორებთან ერთად განიხილავს. წლის ბოლოსთვის მზად იქნება პროექტი, რომელზეც სახელმწიფო სტრუქტურები ოფიციალურ მუშაობას დაიწყებენ. მასში სანქცირების მექანიზმი გათვალისწინებული იქნება“, - აღნიშნავს ელზა ჯგერენაია.

საქართველოს პროფკავშირებში კი მიიჩნევენ, რომ დეპარტამენტს უამრავი ხარვეზი აქვს, რისი გამოსწორებაც მისი სრულფასოვანი ამუშავებისთვის აუცილებელია. "ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სანქცირების მექანიზმი. ინსპექტორები მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლებიან, შესაბამისად კონტროლი მათ მიერ მიცემული მითითებების შესრულებისას ნაკლებია. თუ ინსპექტირება გახდება სავალდებლო, მას ექნება სისტემური ხასიათი, ჩაერთვება სანქცირების მექანიზმი, ამუშავდება ზედამხედველობის რგოლი და ორგანიზაციაში შესვლამდე სავალდებულო აღარ იქნება მისი წინასწარი (5 დღით ადრე) გაფრთხილება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მართლაც არსებობს შრომის უსაფრთხოების რეალური მექანიზმი. მხოლოდ ეს მოხსნის დასაქმებულთა უსაფრთხოების კუთხით არსებულ იმ პრობლემებს, გამოწვევებს, რაც დღეს სახეზე გვაქვს. ინსპექტირება დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“, - აღნიშნავს პროფესიული კავშირების იურისტი თამარ გაბისონია.

პროფკავშირების ინფორმაციით, სამინისტროს პოზიცია ითვალისწინებს ბიზნესისა და დამსაქმებლების ინტერესებს, რომლებიც სისტემის სავალდებულო მექანიზმის ამუშავებისა და სანქცირების წინააღმდეგნი არიან, სწორედ ამიტომ არ ხდება ამ ეტაპზე უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

"ვფიქრობ, რომ დამსაქმებლებს ამ კუთხით, აქვთ დაბალი ცნობიერება. დასაქმებულთათვის ღირსეული პირობების შექმნა პირველ რიგში, უნდა იყოს სწორედ მათ ინტერესებში. დამსაქმებლებმა დღეს უნდა გასწიონ ხარჯები იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში, ორგანიზაციაში ღირსეული შრომის პირობები, კმაყოფილი მუშახელი და ხარისხიანი პროდუქტი მოკლე დროში მიიღონ", - აღნიშნავს თამარ გაბისონია.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს გაუქმებული, შრომისა და დასაქმების ინსპექცია რამდენიმე თვის წინ აღდგა. ქვეყანაში შრომის ინსპექციის შესაქმნელად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის დასაწყისში განახლდა. ამისთვის მთავრობამ "შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა.

ქრისტინე გამთენაძე