რატომ შეუმცირდათ მოგება გადამზიდავ კომპანიებს?

"ამ ბაზარზე მძაფრი კონკურენციაა"

საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციაზე დღეს ბევრს საუბრობენ. ქვეყნის უმაღლესი პირებიც არ მალავენ, რომ საქართველოს აქვს ამბიცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად იქცეს. ბუნებრივია, ასეთ ქვეყანაში გადამზიდავი კომპანიების საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. bpn.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაში არიან დღეს ქართული გადამზიდავი კომპანიები და რა პრობლემები აქვთ. ამ სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში გზები და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საზღვარზეც დაბრკოლებები არ ხვდებათ, მაგრამ ამ სფეროს მაინც ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება.

როგორც შპს "იბერტრანსის" ხელმძღვანელი დავით ფირცხალავა ამბობს, მისი კომპანია შედარებით მცირე ზომისაა და მსხვილი გადამზიდავების გვერდით თავის გატანა უჭირს: "გასულ წლებთან შედარებით, სულ მცირე, 70%-ით მაინც შემცირდა ჩვენი ტვირთბრუნვა. ყველაზე რთული პრობლემა არარეზიდენტი გადამზიდავის დაქირავებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კომპანია 10%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. მოგეხსენებათ, საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და აქ მუშაობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნის გადამზიდავები. დავუშვათ, ყაზახები შემოვიდნენ საქართველოში და უკან, თავიანთ ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ, მათი დაქირავება უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ქართველებისა, მაგრამ დაბეგვრის გამო არ გვიღირს. არადა, მათ უფრო შეღავათიანი ფასები აქვთ. ასევე არიან უკრაინელები და აზერბაიჯანელებიც, მაგრამ თუ დამკვეთი ქართველია, ნებისმიერ შემთხვევაში დაიბეგრება." დავით ფირცხალავას თქმით, "იბერტრანსი" წარმატებულად საქმიანობდა სომხეთის, აზერბაიჯანისა და აზიის მიმართულებით, მაგრამ ამჟამად კომპანიის ბრუნვა შეჩერებულია: "დღეს მსხვილი კომპანიები გაცილებით კარგად მუშაობენ. ადრე გადაზიდვის სფერო უფრო გახსნილი იყო და ამ ბაზარზე მცირე კომპანიებიც წარმატებით საქმიანობდნენ, ახლა კი, კონკურენციას აზრი არა აქვს, იმდენად შემცირებულია ჩვენი ტვირთბრუნვა".

შპს "იემ ჯის" ოფის-მენეჯერი, ირმა კილაძე, შემოსავლების შემცირებას ლარის კურსის ცვალებადობით ხსნის:

"მოგეხსენებათ, ჩვენთან კურსი არასტაბილურია, ამის გამო გვქონია შემთხვევა, როდესაც დამკვეთს საქონელი უცხოური საიტიდან მისაღებ ფასად შეუძენია, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო გაცილებით მეტი თანხის გადახდა დასჭირვებია. ასეთ დროს გადამზიდავი კომპანია ვარდება რთულ სიტუაციაში. მით უმეტეს, განბაჟების ზღვარი 300 ლარია, ლარის კურსი კი ხშირად იცვლება. ეს ზღვარი რომ შეიცვლებოდეს, საქმიანობა უფრო გაგვიადვილდებოდა. ჩვენ უცხოეთიდან ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შემოგვაქვს. უმეტესწილად, ამ საქონელს ინტერნეტით გვიკვეთავენ. გადაზიდვებს ვაწარმოებთ უკრაინიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდანაც."

ირმა კილაძის შეფასებით, გადამზიდავი კომპანიების შემოსავლის შემცირების მთავარი მიზეზი ვალუტის კურსის მკვეთრი ცვალებადობაა:

"ლარის კურსის დაცემამ ძალიან დაგვწია უკან. ზოგჯერ ნივთი, რომელსაც ჩვენი დამკვეთი ყიდულობს, უცხოეთში გაცილებით იაფია, მაგრამ განბაჟება და ტრანსპორტირება ჯდება იმდენი, რომ მისი შეძენა აღარ უღირთ. ჩვენი ტარიფი ერთ კილოგრამ ტვირთზე 8 დოლარია, ეს ფასი არც შეგვიცვლია, მაგრამ თუ ადრე 10 დოლარი 16 ლარი ღირდა, ახლა გაცილებით მეტი ღირს, აქედან გამომდინარე, ლარის გაუფასურება ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის. ვალუტის კურსის შეცვლამ საქონლის ყიდვა, ტრანსპორტირება და განბაჟება გაგვიძვირა. სამწუხაროდ, კლიენტურაც შეგვიმცირდა და შემოსავალიც, რადგან ჩვენი საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ვალუტის კურსის ცვალებადობასთან."

შპს "კარგო ექსპრესის" დირექტორი ნიკა ნატროშვილი კი ფიქრობს, რომ ბოლო ხანებში საქართველოში გადამზიდავი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა, რასაც კონკურენციის ზრდა მოჰყვა, კონკურენციას კი, ყველა როდი უძლებს : "

საქართველოში დღეს ძალიან ბევრი გადამზიდავი კომპანია იხსნება, კონკურენცია მატულობს და ამის გამო შედარებით მცირე კომპანიებს ბაზარზე თავის დამკვიდრება უჭირთ. ჩვენ საშუალო ბიზნესი გვაქვს, მაგრამ მომავალში გაფართოების ვაპირებთ. მუდმივად გვაქვს შეკვეთები თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. როგორც წესი, თვითონ დამკვეთი გვაცნობებს ხოლმე, რომ ტვირთი აქვს გადასატანი. ყველაზე იოლი თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობაა, რუსეთში კი, სერიოზული პრობლემები გვაქვს ვიზების გამო. ამიტომ, თურქეთთან კავშირი უფრო ხელსაყრელია გადამზიდავი კომპანიისთვის, ვიდრე რუსეთთან. ამას ზამთარი და უამინდობაც ემატება: ამასწინათ, მაგალითად, ერთი კვირა იდგა ჩემი მანქანა თოვლსა და ყინვაში და ელოდა, გზა როდის გაიხსნებოდა. თურქეთში გზებიც კარგია, ინფრასტრუქტურაც და სამუშაო პირობებიც უკეთესია, მით უმეტეს, რომ თურქები უკონკურენტო ფასებს სთავაზობენ გადამზიდავ კომპანიებს."

"კარგო ექსპრესის"  ხელმძღვანელის თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საბაჟო პროცედურები საქართველოში ლამის ევროპის დონეზეა აყვანილი, მაგრამ მსხვილი კომპანიები დამკვეთს უფრო ხელსაყრელ ფასს და პირობებს სთავაზობენ, ამიტომ, მცირე გადამზიდავ კომპანიებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ სხვებთან შედარებით.

ხათუნა ჩიგოგიძე